ლონდონბრიჯზე მომხდარი ტერაქტის შემდეგ, გამოძიების ფარგლებში ხიდს დროებით დახურავენ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის მერმა, სადიკ ხანმა განაცხადა.
მანამდე თავდასხმის ადგილი მოინახულეს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა და სკოტლანდ იარდის ხელმძღვანელმა.
ლონდონში ტერორისტული თავდასხმა 29 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 13:58 საათზე დაიწყო. როგორც „ბიბისი“ იუწყება, თავდამსხმელი კემბრიჯის უნივერსიტეტის კონფერენციას ესწრებოდა, სადაც ათობით ახალგაზრდა იმყოფებოდა. როგორც ცნობილია, ბოროტმოქმედმა თავდასხმა სწორედ ამ კონფერენციაზე დაიწყო, შემდეგ კი ლონდონბრიჯზე განაგრძო.
თავდამსხმელმა ცივი იარაღით ორი ადამიანი მოკლა, სამი კი დაჭრა. მისი შეკავება ხიდზე მყოფმა მოქალაქეებმა სცადეს, რის შემდეგაც ადგილზე მალევე მივიდა პოლიცია.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, თავდამსხმელი სამართალდამცველებს არ ემორჩილებოდა, ამიტომ პოლიციამ მისი ადგილზე ლიკვიდირება მოახდინა.