ლონდა თოლორაია - რამდენიმე საჯარო და კერძო სკოლაში ბავშვების მონაცემები გროვდება იმაზე მეტი მოცულობით, ვიდრე კანონით არის გათვალისწინებული
სასკოლო დაწესებულებებში არის შემთხვევები, როდესაც ბავშვების დოკუმენტები ინახება ისეთ ადგილზე, სადაც ხელი მიუწვდებათ არა მხოლოდ უფლებამოსილ პირებს, არამედ სხვა პირებსაც სკოლის ადმინისტრაციიდან, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე არასრულწლოვანთა პერსონალურ მონაცემებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული არასრულწლოვნების გამოსახულების ჩანაწერების გადაცემა არაკანონიერი საფუძვლით მოხდა პოლიციის დაწესებულებებისათვის.
„ყველაზე მეტი მონაცემები არასრულწლოვნების შესახებ გროვდება სასკოლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ჩვენი ინიციატივით, წლის განმავლობაში შევისწავლეთ რამდენიმე საჯარო და ასევე კერძო სკოლა. აღმოვაჩინეთ, რომ ბავშვების მონაცემები გროვდება იმაზე მეტი მოცულობით, ვიდრე კანონით ან კანონქვემდებარე აქტებით არის გათვალისწინებული. ასევე არის შემთხვევები, როდესაც ბავშვების დოკუმენტები ინახება ისეთ ადგილზე, სადაც ხელი მიუწვდებათ არა მხოლოდ უფლებამოსილ პირებს, არამედ სხვა პირებსაც სკოლის ადმინისტრაციიდან, რაც ასევე არის საფრთხის შემცველი. ასევე ზოგ შემთხვევაში არ არის მკაცრად რეგულირებული ვიდეოთვალთვალის წესები და იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც თვალთვალი ხორციელდებოდა ჰიგიენისათვის განკუთვნილ ადგილებში. ასევე მნშვნელოვანია, ვიდეო სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული არასრულწლოვნების გამოსახულების ჩანაწერების შენახვის წესების დაცვა, თუ ვის გადაეცემა ეს მონაცემები. სამწუხაროდ დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ამ მონაცემების გადაცემა არაკანონიერი საფუძვლით განხორციელდა მაგალითად პოლიციის დაწესებულებებისათვის“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.