ლონდა თოლორაია - პროკურატურა მომავალი წლიდან გამოყოფს პროკურორებს, რომლებიც მხოლოდ არასრულწლოვანთა საქმეებზე იმუშავებენ
პროკურორების გადამზადების კურსი საკმაოდ ინტენსიურია, – ამის შესახებ საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ლონდა თოლორაიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„პროკურორები მზადდებიან როგორც საერთაშორისო, ასევე საქართველოში არსებულ კანონმდებლობაში, უნარ–ჩვევებში, კომუნიკაციის სტანდარტებში, თუ როგორ უნდა იურთიერთონ არასრულწლოვნებთან ამა თუ იმ საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებების ჩატარების დროს. მათი სტანდარტები კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს და ყოველ მომდევნო წელს, ახალი საჭიროებებიდან გამომდინარე, მათთვის ახალი ტრენინგები იგეგმება“, – განაცხადა თოლორაიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ხომ არ იწვევს საგამოძიებო პროცესის შეფერხებას კანონის ლიბერალიიზაციის შედეგად შეცვლილი მაგალითად, დაკითხვის წესი, როცა არასრულწლოვან მოწმეს შეუძლია, ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადოს, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ სპეციალიზებულმა პროკურორმა არასრულწლოვანი უნდა დაარწმუნოს, რომ ინფორმაციის ნებაყოფლობით მიცემა გამოძიების ინტერესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ უკვე გვყავს სპეციალიზებული პროკურორები და შესაბამისად, ამ მიმართულებით სერიოზული ტიპის შეფერხებები არ გვქონია. რა თქმა უნდა, ცნობიერების პრობლემა ისევ დგას, მაგრამ ჩვენ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების გარდა, ცნობიერების ამაღლების კამპანიებითაც ვართ დაკავებული”, – განაცხადა თოლორაიამ.
მოამბის ჟურნალისტის, ხათუნა გაგნიძის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა პროკურორების ჯგუფების შექმნა, რომლებიც უშუალოდ არასრულწლოვანთა საქმეებზე იმუშავებენ, ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურა მომავალი წლიდან გეგმავს, დიდ ქალაქებში პროკურორები გამოყოს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეებზე იმუშავებენ.