ლონდა თოლორაია - ძალიან დაბალია იმ ხალხის პროცენტული მაჩვენებელი, ვინც ოჯახური ძალადობის შემთხვევაში რეკავს
შსს–ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია მიიჩნევს, რომ კვლევაში, რომელიც გაერო–ს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა და ევროკავშირმა ერთობლივად ჩაატარეს, ჩანს პოზიტიური ტენდენცია, რომ ცნობიერების ამაღლების კუთხით, განსაკუთრებით ახალ თაობაში, წინსვლაა. ამის შესახებ მან პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, შსს–ს აქვს პროგრამა – „ძალა ნდობას“, რომლის ფარგლებშიც ის საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს. საინფორმაციო კამპანიებში ასევე აქტიურადაა ჩართული სხვა სახელმწიფო უწყებები და არასამთავრობო ორგანიზაციები.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ და რა ფორმით უნდა მოხდეს საზოგადოების ნაწილის ცნობიერების გარდატეხა, ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, რომ ცნობიერების შეცვლა ერთჯერადი აქტი არ არის, ეს ხანგრძლივი პროცესია, სადაც სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ძალები უნდა გააერთიანონ.
„სამწუხაროდ, იმას, რაც თქვენი გადაცემის სიუჟეტში მოვისმინე, ჩვენი შიდა კვლევებიც ადასტურებს. ძირითადად, შემტყობინებლები მსხვერპლები არიან და ძალიან დაბალია იმ ხალხის პროცენტული მაჩვენებელი, ვინც ოჯახური ძალადობის შემთხვევაში რეკავს. მინდა, ყველა მათგანს ვუთხრა, რომ ამ მიმართულებით იაქტიურონ, რადგან მათ ამით მძიმე შედეგების თავიდან აცილება შეუძლიათ. გარდა ამისა, დანაშაულის შეუტყობინებლობა ასევე არის დანაშაული, რაც მათ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც იწვევს“, – განაცხადა თოლორაიამ.
როგორც შსს–ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, საინფორმაციო კამპანიებში საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს.
„საჭიროა მოხალისეობრივი პროექტების განვითარება და ამ მიმართულებით გვაქვს გეგმა, რომ პროცესში რაც შეიძლება მეტი სტუდენტი, მოსწავლე, ახალი თაობის მეტი წარმომადგენელი იყოს ჩართული“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.