ლონდა თოლორაია - აქციამ, საერთო ჯამში, მშვიდობიანად ჩაიარა
ლონდა თოლორაია - აქციამ, საერთო ჯამში, მშვიდობიანად ჩაიარა

გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, მაგრამ როცა გამოხატვა სხვა პირის უფლებებს ზღუდავს, რითაც შესაძლოა, მის სიცოცხლეს, ან ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას, შეიძლება, ამან დანაშაულის ნიშნები მიიღოს, – ამის შესახებ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

ამ განცხადებით ლონდა თოლორაიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ჯდება თუ არა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ის, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ და არეგულირებს თუ არა საქართველოს კანონმდებლობა ფაშისტური სიმბოლიკის იმ ფორმებს, რაც გამოყენებულ იქნა.

მისი თქმით, ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით 36 პირია დაკავებული, რომელთა ნაწილი პოლიციასთან წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს, ნაწილი წვრილმანი ხულიგნობისთვის, ერთი პირი კი სისხლის სამართლის წესით, 126-ე მუხლით იქნა დაკავებული, რაც ძალადობას ითვალისწინებს.

„მთლიანობაში, აქცია საკმაოდ მშვიდობიანად, ყოველგვარი ინციდენტების გარეშე მიმდინარეობდა, მაგრამ იყო ერთი ინციდენტი, როდესაც აქციის ერთ-ერთ მონაწილეს აქციაზე მყოფმა ერთმა პირმა ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. აღნიშნული პირი შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ, სისხლის სამართლის წესით იქნა დაკავებული და ამჟამად მის მიმართ საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები მიმდინარეობს. დღევანდელი კონტექსტის მოცემულობით, დიდი ალბათობით, სავარაუდოდ, სახეზე გვექნება სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაული“, – განაცხადა თოლორაიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად იყო დაცული აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, რომ დღევანდელმა დღემ ეს დაადასტურა, რადგან აქციამ, საერთო ჯამში, მშვიდობიანად ჩაიარა და ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებებზე, რომლებიც ორგანიზატორთა იმ ნაწილის მიერ ჩატარდა, ვინც კანცელარიის წინ მიმდინარე აქციაში მონაწილეობაზე უარი თქვა, ადგილი არ ჰქონია ინციდენტს, რომელიც მონაწილეთა სიცოცხლეს, ან ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნიდა.

„შსს-ს წინასწარი კომუნიკაცია ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ჰქონდა, რომლებიც დღევანდელ აქციას აორგანიზებდნენ. რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა დეტალებზე, მათ შორის – უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით; შევთანხმდით ლოკაციაზე, დროზე, შეხვედრის ადგილზე და უსაფრთხოების ზომებზე“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.