„ლოკომოტივმა“ მეორე ნახევარი მოგებით დაიწყო - ჭაღიაშვილმა კუთვნილი პრიზი მიიღო
„ლოკომოტივმა“ მეორე ნახევარი მოგებით დაიწყო - ჭაღიაშვილმა კუთვნილი პრიზი მიიღო

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მესამე წრის მატჩები დაიწყო. მე-19 ტურის მატჩში „ლოკომოტივმა“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და დაძაბული შეხვედრის ბედი თავის სასარგებლოდ ბოლო წამებზე გადაწყვიტა.

თამაშის დაწყებამდე ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელად დასახელებულ „ლოკომოტივის“ მთავარ მწვრთნელს, ლაშა ჭაღიაშვილს სპეციალური პრიზი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გადასცა.

„სამტრედია“ 50-ე წუთზე გიორგი ახალაძემ დააწინაურა. მე-60 წუთზე სტუმართა მცველის, გიორგი გურულის ავტოგოლით ანგარიში 1:1 გახდა. 79-ე წუთზე მამია გავაშელიშვილმა თბილისელები დააწინაურა 2:1. 85-ე წუთზე სამტრედიელთა მცველი, გიორგი ჯგერენაია ორი ყვითელი ბარათის გამო მოედნიდან გააძევეს და სტუმართა მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. ამის მიუხედავად, „სამტრედიამ“ 90-ე წუთზე ოლეგ მამასახლისის გოლით წონასწორობის აღდგენა მაინც მოახერხა – 2:2. „ლოკომოტივმა“ მიზანს ბოლოს მიაღწია – 90+2-ე წუთზე გავაშელიშვილმა დუბლი შეასრულა და თბილისელებმა 3:2 გაიმარჯვეს.

მანამდე, თბილისის „დინამოსა“ და „რუსთავის“ დაპირისპირება თბილისელთა სასარგებლოდ (2:1) დასრულდა. 19 ტურის შემდეგ, „დინამო“ 41 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „საბურთალოსთან“ ჩამორჩენა 2 ქულით შეამცირა. „ლოკომოტივი“ 22 ქულით მეექვსეა, ხოლო „სამტრედია“ 9 ქულით მეცხრეზე რჩება.