„ლოკომოტივის" 19-წლამდელები „ბაიერნის" თანატოლთა გუნდს შეხვდებიან
„ლოკომოტივის" 19-წლამდელები „ბაიერნის" თანატოლთა გუნდს შეხვდებიან

თბილისის “ლოკომოტივის” აკადემიის 19-წლამდელ ფეხბურთელთა გუნდი 7 ივლისს გერმანიაში გაემგზავრება და მიუნხენის “ბაიერნის” თანატოლთა გუნდს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება. მატჩი მიუნხენში, “ბაიერნის” აკადემიის ბაზაზე გაიმართება.

გერმანიაში გამგზავრებამდე, “ლოკომოტივის” 19-წლამდელთა გუნდი ღია ვარჯიშს გამართავს. საწვრთნელი პროცესი ხვალ, დილის 10 საათზე, თბილისელთა საგურამის ბაზაზე გაიმართება.

“ლოკომოტივის” ამ გუნდის მწვრთნელი სულიკო დავითაშვილია. მისი გაწვრთნილები 19-წლამდელთა “ოქროს ლიგაში” წარმატებით გამოდიან და თბილისის “დინამოსთან” ერთად, გათამაშებას ცხრა ქულით ლიდერობენ.

ოღონდ უშუალო კონკურენტზე ერთი თამაშით ნაკლები მატჩი ჩაატარეს, ბოლო ტურში კი “დინამო” საგურამოს ბაზაზე 2:1 დაამარცხეს.