ლოიდ ოსტინი - წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული კანონპროექტები საშუალებას მისცემს დეპარტამენტს, გაზარდოს უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი მიესალმება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტებს.
„აღნიშნული ორპარტიული კანონმდებლობა საშუალებას მისცემს დეპარტამენტს, გაზარდოს უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება, რათა დაეხმაროს უკრაინას დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან, მხარი დაუჭიროს ისრაელს, დაცული იყოს ირანისა და მისი მარიონეტებისგან და გაზარდოს საჭირო ჰუმანიტარული დახმარების ნაკადი ღაზის სექტორში“, – აღნიშნა ოსტინმა განცხადებაში.
აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა დასძინა, რომ „სამყარო უყურებს“, რას აკეთებს შეერთებული შტატები და აღნიშნულ კანონპროექტს სიცოცხლეების გადარჩენა შეუძლია.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა, ასევე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უკრაინის სასარგებლოდ რუსული აქტივების კონფისკაციას ითვალისწინებს.