ლოიდ ოსტინი - საიდუმლო დოკუმენტების გავრცელების ფაქტს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, შეერთებული შტატები გააგრძელებს საიდუმლო დოკუმენტების გავრცელების ფაქტის გამოძიებას, ვიდრე წყაროს არ იპოვიან.
დოკუმენტები სოციალურ ქსელებში რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, მასში აშშ-ის მოკავშირეებისა და მოწინააღმდეგეების სამხედრო შესაძლებლობების საიდუმლო დეტალებზეა საუბარი.
„საქმე გადავეცით იუსტიციის დეპარტამენტს, რომელმაც დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება. ახლა უფრო მეტს ვერ გეტყვით, ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან. ვერაფერი შეგვიშლის ხელს, შევინარჩუნოთ ამერიკის უსაფრთხოება“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
დოკუმენტებში მოყვანილი რამდენიმე ინფორმაცია ეხება უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებსაც. ერთ-ერთ ფაილში აღნიშნულია ქვეყანაში დასავლური სპეცდანიშნულების ჯარების ოპერირების შესახებ. სოციალურ ქსელებში გავრცელებული დოკუმენტების ავთენტურობა დადასტურებული არ არის. ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტების თქმით, დოკუმენტში არსებული თემების მიხედვით, სავარაუდოა, რომ პირი, რომელმაც ფაილები გაავრცელა, ამერიკელია.