ლოიდ ოსტინი - მინდა, ნათლად და გარკვევით დავაფიქსირო, აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მის მიერ სხვადასხვა მექანიზმებით შავ ზღვაზე გავლენის მოპოვების მცდელობებს
ბატონო პრემიერ-მინისტრო, ერთი საკითხი მინდა, ნათლად და გარკვევით დავაფიქსირო – ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მის მიერ სხვადასხვა მექანიზმებით შავ ზღვაზე გავლენის მოპოვების მცდელობებს, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პრემიერ-მინისტრს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი საქართველოში ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს მჭიდრო პარტნიორობის დადასტურებაა.
„დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო. პირველად ვიმყოფები საქართველოში და ძალიან მადლობელი ვარ ასეთი თბილი მიღებისთვის. აქამდე რაც ვნახე, ნამდვილად შესანიშნავია და ჩემი აქ ყოფნით ვადასტურებ აშშ-საქართველოს მჭიდრო პარტნიორობას. ეს ურთიერთობა ჩვენს საერთო ფასეულობებს ეფუძნება. წლების განმავლობაში განხორციელებული საერთაშორისო მისიებით, მათ შორის ავღანეთში დავამტკიცეთ, რომ საქართველო თანმიმდევრულად და მტკიცედ უჭერს მხარს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ჩვენს ძალისხმევას მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამკვიდრებლად. ძალიან მადლობელი ვარ მჭიდრო თანამშრომლობისთვის და მაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, ერთი საკითხი მინდა, ნათლად და გარკვევით დავაფიქსირო: ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მის მიერ სხვადასხვა მექანიზმებით შავ ზღვაზე გავლენის მოპოვების მცდელობებს. ეს მნიშვნელოვანი რეგიონია და მისი უსაფრთხოება და სტაბილურობა ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო ხედვის პრაქტიკული განხორციელებისთვის – ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი საზოგადოების არსებობისთვის.
ამიტომ, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. შეერთებული შტატები ერთგულია სტრატეგიული პარტნიორობის შენარჩუნების იდეისადმი. მიხარია, რომ საქართველოში ვიმყოფები”, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.