ლოიდ ოსტინი - „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის სიკვდილი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა პროგრესისთვის
„ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის სიკვდილი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა პროგრესისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
ოსტინის თქმით, ისრაელის მიერ სინვარის ლიკვიდაციამ შექმნა განსაკუთრებული შესაძლებლობა ღაზაში ცეცხლის ხანგრძლივი შეწყვეტის მისაღწევად.
„სინვარის ლიკვიდაცია არის მნიშვნელოვანი მიღწევა და ქმნის დიდ შესაძლებლობას პროგრესისთვის. სინვარმა მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის მშვიდობის დამყარების შესაძლებლობების ჩაშლას“, – განაცხადა ოსტინმა.
ამასთან, ოსტინმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრიორიტეტი ღაზაში დარჩენილი მძევლების გათავისუფლებაა.
ცნობისთვის, „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი ისრაელელმა სამხედროებმა მოკლეს. იაჰია სინვარი დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერად გამოცხადდა თეირანში მისი წინამორბედის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ. მანამდე ის იყო ღაზის სექტორში დაჯგუფება „ჰამასის“ ხელმძღვანელი. სინვარი ისრაელის მიერ ძებნილთა სიაში პირველ ადგილზე იყო. ქვეყნის სპეცსამსახურები მიიჩნევდნენ, რომ სწორედ ის იყო ისრაელის დასახლებებზე 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის დაგეგმვისა და აღსრულების ორგანიზატორი.
სინვარი სამხრეთ ღაზაში, ხან იუნისის ლტოლვილთა ბანაკში 1962 წელს დაიბადა. მან ცხოვრების დიდი წილი ისრაელის ციხეში გაატარა. 1988 წელს მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. იაჰია სინვარი იყო იმ 1027 პალესტინელ პატიმარს შორის, რომლებიც ისრაელმა „ჰამასის“ მიერ ტყვედ აყვანილ ისრაელელ სამხედროზე, გილად შალიტზე 2011 წელს გაცვალა.