ლოიდ ოსტინი - აშშ უკრაინას ექვსი მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს
შეერთებული შტატები უკრაინას ექვსი მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს ამერიკელი მწარმოებლებისთვის იარაღის შეკვეთის ფარგლებში, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ ეს არის ყველაზე დიდი ვალდებულება, რომელსაც შეერთებული შტატები ახორციელებს უკრაინის დასახმარებლად.
შეკვეთა მოიცავს „პეტრიოტისა“ და „ნასამსის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის კრიტიკული კომპონენტების შეძენას, უპილოტო აპარატების საწინააღმდეგო უფრო მეტ სისტემას, საარტილერიო საბრძოლო მასალისა და „ჰაერი-მიწის“ ტიპის რაკეტების მნიშვნელოვან რაოდენობას. თანხა ასევე დაფარავს არსებული ობიექტების მოვლა-პატრონობისა და ტექნიკური უზრუნველყოფის საჭიროებებს.
„ეს საშუალებას მოგვცემს, შევისყიდოთ უკრაინისთვის დამატებითი დახმარება ამერიკული თავდაცვის ინდუსტრიისგან. ეს საშუალებას მისცემს შეერთებულ შტატებს, დაუყოვნებლივ გაგზავნოს კრიტიკული საჰაერო თავდაცვის, არტილერიისა და ჯავშანტექნიკის შესაძლებლობები ჩვენი სამხედრო რეზერვიდან უკრაინაში. ვაშინგტონი აგრძელებს მოლაპარაკებებს თავის მოკავშირეებთან უკრაინის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების, მათ შორის, „პეტრიოტის“ მიწოდების შესაძლებლობის შესახებ. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანა, რომელსაც აქვს „პეტრიოტი“, აფასებს მას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომავალში შევძლებთ, ვიმუშაოთ რიგ ქვეყნებთან „პეტრიოტის“ დამატებითი სისტემების მოსაპოვებლად“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.