ლოიდ ოსტინი - აშშ მზადაა, დაიცვას ბალტიისპირელი მოკავშირეები, ჩვენ მე-5 მუხლის ერთგული ვართ და შეგიძლიათ, ფსონი დადოთ მასზე
აშშ მზადაა, დაიცვას ბალტიისპირელი მოკავშირეები, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ესტონეთის დედაქალაქ ტალინში სტუმრობისას განაცხადა.
აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ნატო გააძლიერა. ლოიდ ოსტინის განცხადებით, აშშ პირველი იყო, რომელმაც უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ ნატო-ს აღმოსავლეთი ფლანგი გააძლიერა.
„მინდა, დღეს ესტონელ ხალხს ძალიან ნათლად ვუთხრა, რომ აშშ მტკიცედ ერთგულია ბალტიისპირელი მოკავშირეების თავისუფლებისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენ გაერთიანებული ვართ თქვენთან ერთად შეკავებისა და თავდაცვისთვის ჩვენი საერთო უსაფრთხოების კუთხით ნებისმიერი საფრთხის მიმართ. პუტინი ფიქრობდა, რომ მას შეეძლო ნატო-ს გაყოფა, მაგრამ მისმა აგრესიამ საპირისპირო გამოიწვია. ნატო-ს ალიანსი უფრო ერთიანი და ძლიერია, ვიდრე ოდესმე მინახავს. იცით, რომ რუსეთის შეჭრამდე შევხვდი თქვენს თავდაცვის მინისტრს და ვუთხარი, რომ თუ რუსეთი შეიჭრებოდა უკრაინაში, მეორე დღეს ესტონეთში ძალებს განვათავსებდით. ჩვენ ასეც მოვიქეცით. ასე რომ, ჩვენ ერთგული ვართ მე-5 მუხლის მიმართ და თქვენ შეგიძლიათ, ფსონი დადოთ მასზე“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.