ლოიდ ოსტინი - აშშ განიხილავს გზებს, როგორ მიაწოდოს დამატებითი დახმარება ნატო-ს არაწევრ მოკავშირეებს, მათ შორის საქართველოს
ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავს გზებს, როგორ მიაწოდოს დამატებითი დახმარება ნატო-ს არაწევრ მოკავშირეებს, მათ შორის საქართველოს, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
ლოიდ ოსტინის თქმით, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ნატო-სკენ ისწრაფვიან.
„ჩვენ შეგვიძლია, განვაგრძოთ ნაყოფიერი მუშაობა ისეთ ქვეყნებთან, როგორიც საქართველოა, იქ რამდენიმე თვის წინ გახლდით ჩასული, გვქონდა საშუალება, გვენახა ჩვენი სამხედრო ძალები, რომლებიც ზოგიერთ სწავლებას ატარებენ. ეს შეუფასებელია და ჩვენთვის კარგ შესაძლებლობას უზრუნველყოფს. ჩვენ გავაგრძელეთ ამ საკითხში ინვესტირებას. რაც შეეხება ქვეყნებისთვის კონკრეტულ საჭიროებებს, ყველა სახელმწიფოსთან ინდივიდუალურად ვმუშაობთ“, – განაცხადა ოსტინმა.
თავდაცვის მდივანს კონგრესში შეიარაღებული ძალების კომიტეტში 2023 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტის განხილვაზე მოუსმინეს.
ლოიდ ოსტინმა ვრცლად ისაუბრა რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე.
პენტაგონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში არაპროვოცირებულმა შეჭრამ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოება ისტორიული გამოწვევის წინაშე დააყენა.
მისივე თქმით, უნდა გაგრძელდეს მნიშვნელოვანი ინვესტიციები ევროპის უსაფრთხოების ყველა მიმართულებით.