ლოიდ ოსტინი - არ მოვითმენ თავდასხმებს ამერიკულ ძალებზე, მივიღებთ ყველა აუცილებელ ზომას აშშ-ის, ჩვენი ძალებისა და ინტერესების დასაცავად
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, აშშ-ის ძალებმა ერაყსა და სირიაში შვიდ ობიექტზე მიიტანეს იერიში, რაც 85-ზე მეტ სამიზნეს მოიცავდა.
ოსტინის განმარტებით, აღნიშნულ ობიექტებს ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ და მასთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფები აშშ-ის ძალებზე თავდასხმისთვის იყენებდნენ.
როგორც პენტაგონის ხელმძღვანელმა განაცხადა, პრეზიდენტმა ბაიდენმა დამატებითი ზომების მიღების განკარგულება გასცა, რათა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ და მასთან დაკავშირებულ დაჯგუფებებს პასუხი აგებინონ აშშ-სა და კოალიციურ ძალებზე თავდასხმებისთვის.
„მე არ მოვითმენ თავდასხმებს ამერიკულ ძალებზე. ჩვენ მივიღებთ ყველა აუცილებელ ზომას აშშ-ის, ჩვენი ძალებისა და ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა ოსტინმა.
შეგახსენებთ, რომ იორდანიის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის პასუხად, აშშ-მა სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე საჰაერო იერიშები დაიწყო.
იორდანიაში, სირიის საზღვართან მდებარე სამხედრო ბაზაზე თავდასხმა 28 იანვარს განხორციელდა, რის შედეგადაც დაიღუპა სამი ამერიკელი სამხედრო, 40-ზე მეტი კი დაშავდა.