ზვიად ძიძიგური - დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს „კონსერვატორები“ სიამოვნებით დავუჭერთ მხარს
საპარლამენტო ფრაქცია „კონსერვატორები“ სიამოვნებით დავუჭერთ მხარს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს, – ეს განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად გააკეთა, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდაჭერას ეხებოდა.
ზვიად ძიძიგურის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი მებრძოლი ქალბატონია და ღირსეული პრეზიდენტი იქნება.
„საპრეზიდენტო არჩევნები თანდათან შედის გადამწყვეტ ფაზაში და ვნებათაღელვაც იმატებს. მართველი პარტიის „ქართული ოცნების“ პოზიციაა, რომ რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს. ეს გადაწყვეტილება ჯერ გამოცხადებული არ არის, მაგრამ მე პირადად და ჩვენი ფრაქცია „კონსერვატორები“, „ქართული ოცნების“ პარტნიორი პარტია, სიამოვნებით დავუჭერდით მხარს სალომე ზურაბიშვილს. იცით, რომ ასეთი ვერსიაც არის ძალიან განხილვადი და სერიოზული. სალომე ზურაბიშვილი გახლდათ გაერთიანებული ოპოზიციის პერიოდში, 2007-2008 წლების განმავლობაში, ჩვენი თანამებრძოლი. ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყავით დაპირისპირებული მიხეილ სააკაშვილის რეჟიმთან და მეტიც, იყო ჩვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იმ ბრძოლაში. ამიტომ მიმაჩნია, რომ ძალიანაც მებრძოლი ქალბატონია, რომელსაც არასდროს დაუხევია უკან არც ერთი, ყველაზე მწვავე პრობლემის წინაშე და ის იქნება ღირსეული პრეზიდენტი“, – განაცხადა ძიძიგურმა.
მისი თქმით, მხარდაჭერის საკითხზე „ქართული ოცნების“ პოზიცია რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი.
„რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნება“, ამის შესახებ რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი და ყველანი ერთად ვნახავთ. „ქართული ოცნება” ოფიციალურად თავის პოზიციას დააფიქსირებს კონკრეტული დამოუკიდებელი კანდიდატის მიმართ. არსებობს საკმაოდ მაღალი ალბათობა, რომ „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
ვიცე-სპიკერმა არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის შესაძლებლობებზეც ისაუბრა. როგორც ზვიად ძიძიგური აღნიშნავს, მმართველი გუნდის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. შესაბამისად, მისი შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს, არჩევნები სავარაუდოდ პირველივე ტურში დასრულდება.
„მმართველი ძალის მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფაქტორი არჩევნებში. ასეთი განცხადების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი ხდება ფავორიტი. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის შემთხვევაში, არჩევნები მაღალი ალბათობით, პირველ ტურში დასრულდება“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება. „ქართულ ოცნებას“ საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ წაურდგენია და განაცხადა, რომ ცესკო-ში კანდიდატების წარდგენის პროცესის დასრულების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს მმართველი გუნდი.