სააკაძის მოედნის გზაგამყოფებზე ხეები დარგეს [ფოტო]
სააკაძის მოედნის გზაგამყოფებზე ხეები დარგეს [ფოტო]

თბილისში, კოსტავა-შარტავას რეაბილიტირებული ქუჩების გზაგამყოფებზე ხეები დაირგო.

გამწვანების სამუშაოებში დღეს თბილისის მერი კახა კალაძეც ჩაერთო. მისი თქმით, ყველაზე მეტად ქალაქს მწვანე სივრცეები სჭირდება და ყველა გზაგამყოფი კუნძული, რომელიც ადრე ბეტონის იყო, მცენარეებით გამწვანდება.

„რამდენიმე დღის წინ განვაცხადეთ, რომ დაახლოებით 12 ათასი ხე-მცენარეა ჩამოტანილი, რომელიც დედაქალაქის სხვადასხვა უბანში დაირგვება. რაც შეეხება კონკრეტულად სააკაძის მოედანს, გზის გამყოფი აქ ბეტონის იყო. გადავწყვიტეთ, მთელ ქალაქში, სადაც შესაძლებელია, მსგავსი მწვანე სივრცეები მოვაწყოთ და ბეტონის გზაგამყოფებზე მცენარეები დავრგოთ. დღეს სიმბოლურად დავრგეთ ხეები, ბევრმა ადამიანი მოვიდა, რისთვისაც დიდი მადლობა მათ“, – განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ გამწვანებაში მოსახლეობაც უნდა ჩაერთოს.

გზაგამყოფ კუნძულებზე, რომელთა ფართობიც 2000 კვადრატული მეტრია, დაირგვება 4 სახეობის 200 ძირი მერქნიანი მცენარე (ფოტინია, წყავი, ბზა, კედარი), ასევე ბალახი. ტერიტორიაზე უკვე დამონტაჟებულია სარწყავი სისტემა.

ამასთან, როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, წლის ბოლომდე 12 000-ზე მეტი მერქნიანი მცენარე თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე, გზაგამყოფ კუნძულებზე, სკვერებსა და ბაღებში დაირგვება.