თამარ ხულორდავა - ასოცირების შეთანხმება ძალიან ამბიციური დოკუმენტია და ამ პროცესში ჩვენი საქმე დასრულებული არ არის
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა, ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოთ ასოცირების შეთანხმების შესრულება, ასევე ქმედითი და ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარე თამარ ხულორდავამ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეშვიდე სხდომაზე ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების ბევრ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხზე გამახვილდა ყურადღება.
„გამოვყოფდი იმას, რომ კიდევ ერთხელ მივესალმეთ მუდმივად გაღრმავებად თანამშრომლობას, რომელიც არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიური ურთიერთობები, რომელიც ეტაპობრივად კიდევ უფრო ღრმავდება. ასევე, მივესალმეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს არამარტო ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე პასუხისმგებლობა, არამედ მიზნად ისახავს კიდევ უფრო ღრმა ინტეგრაციას ევროკავშირში. ჩვენ ამ გზით მივდივართ. გადაწყვეტილი გვაქვს, შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა და პარტნიორები ამ პროცესს მხარს უჭერენ“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
დეპუტატის შეფასებით, ამით ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ძალიან ცალსახად აფიქსირებს პოზიციას, რომ საქართველოს აქვს ევროპული მომავალი.
„ეს სხდომის საბოლოო განცახდებაშიც არის აღნიშნული, რომელიც ორდღიანი მუშაობის შედეგად მივიღეთ. გარდა ამისა, მივესალმეთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებობს არამარტო პოლიტიკური ურთიერთობა, არამედ ეკონომიკური, სავაჭრო კავშირები. ეს ეფუძნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოქმედებს. კიდევ ერთხელ მივიღეთ მყარი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. კიდევ ერთხელ გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა, რომ ევროპარლამენტს გადავუხადოთ მადლობა მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელიც ევროპარლამენტში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციის მიღებაში გამოხატა, ასევე განცხადების ტექსტში მივესალმეთ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ჩაიწერა მკაფიო მოწოდება საერთაშორისო პარტნიორებისადმი, რომ უზრუნველყონ და დაეხმარონ საქართველოს, განხორციელდეს მართლმსაჯულება იმ პირთა მიმართ, ვინც შეყვანილი იქნება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში, როგორც პირები, რომლებიც ჩადიან საქართველოს მოქალაქეების მიმართ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
მისი თქმით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ამბიციური დოკუმენტია და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.
„მუშაობა გრძელდება. ასოცირების შეთანხმება არის ძალიან ამბიციური დოკუმენტი. ამ პროცესში ჩვენი საქმე დასრულებული არ არის“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
საქართველოს პარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეშვიდე სხდომა დასრულდა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეების, თამარ ხულორდავასა და საჯად კარიმის ხელმძღვანელობით.