სოზარ სუბარი - ჭუბერში სახლების დანგრევის საფრთხე მოხსნილია, ცხელ წერტილებში უკეთესი მდგომარეობაა [ფოტო]
ჭუბერში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ძირითადი ოდენობა დათვლილია, თუმცა ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე კონკრეტული ციფრები არ სახელდება.
როგორც პირველ არხს ჭუბერში, საგანგებო შტაბში განუცხადეს, კომპენსაციას ყველა დაზარალებული მიიღებს.
ჭუბერში კვლავ გრძელდება პანელური ხიდის აწყობა, რომლის მეშვეობით მდინარის მარცხენა სანაპიროზე მძიმე ტექნიკა უნდა გადაიყვანონ. ხიდის აწყობის პროცესის დასრულებას საგანგებო შტაბის სპიკერი სოზარ სუბარი ხვალისთვის ვარაუდობს. სუბარი ექსპერტებთან ერთად დღეს იმ ზონებში იმყოფებოდა, სადაც სტიქიის შედეგად განსაკუთრებულად მძიმე ვითარება შეიქმნა.
სუბარის განცხადებით, ამ დროისთვის, ადგილზე ვითარება სტაბილურია.
„დილიდან შემოვიარე ყველა ცხელი წერტილი ორივე ნაპირზე და უნდა ვთქვა, რომ დამამშვიდებელი მდგომარეობაა, ვითარება გარდატეხილია. დავათვალიერეთ სახლებიც, რომელთა გადარჩენის საკითხი ჯერ კიდევ გუშინ კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საფრთხე მოხსნილია. ლოკაციებზე ვითარება უკეთესია“, – ამბობს სოზარ სუბარი.
მისივე თქმით, ხიდის აწყობის სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.
„თუ თავიდან ხიდის აწყობისთვის ოთხ-ხუთ დღეს ვარაუდობდნენ, ვფიქრობ, ხვალ შუადღემდე ტრანსპორტი ამ ხიდზე გასვლას უკვე შეძლებს“, – განუცხადა პირველ არხს საგანგებო შტაბის სპიკერმა, სოზარ სუბარმა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სოფლების ძირითად ნაწილს ელექტროენერგია მიეწოდება, თუმცა დღის განმავლობაში შუქი გათიშულია, რადგან ხიდის მშენებლობა უსაფრთხოდ გაგრძელდეს და პროცესი არ შეფერხდეს. ჭუბერის თემის ზემო ნაწილში კი, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება, რადგან დაზიანება მასშტაბურია.
ამასთან, რაიონულ ცენტრს ჯერ კვლავ მოწყვეტილია სოფელი ტიტა და მიმდინარეობს გზების აღდგენა, მანამდე კი, სოფელს საკვები პროდუქტები ცხენების გამოყენებით მიეწოდება. სტიქიის პირველ დღეებში ადგილობრივებთან კონტაქტი ვერტმფრენით დამყარდა.
„მართალია, იქ რეალურად ორი ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ უმრავი მწყემსისთვის თავშესაფრის ადგილი გახდა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
თავდაცვის სამინისტროს პანელური ხიდი ჭუბერის ცენტრალური ხიდის ადგილზე უნდა აეწყოს. ცენტრალური და სხვა ხიდები, რამდენიმე სახლთან ერთად, მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად წყალმა წაიღო.