სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობის მიზნით, სოფელ ჭუბერში თბილისიდან მოხალისეთა ჯგუფი ჩავიდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, 50 მოხალისე მოსახლეობას დაეხმარება, ასევე, გაწმენდით სამუშაოებში მიიღებენ მონაწილეობას.
მოხალისეთა ჯგუფი საკოორდინაციო საბჭოს დაექვემდებარება. ისინი უკვე შეხვდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიას, ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გაადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარს, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროს ალექსანდრე ხვადაგიანს. ახალგაზრდებმა უსაფრთხოების წესების და მათ მიერ შესასრულებელი სამუშაოების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
ჭუბერში ჩასულ ახალგაზრდებს შორის არიან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე, სტუდენტები.
ჭუბერში ცენტრალური ხიდის ადგილზე, პანელური ხიდის აგება უკვე დაიწყეს, რომელმაც მდინარის ორი ნაპირი უნდა დააკავშიროს. ხიდის აგების შემდეგ მარცხენა სანაპიროზე შესაბამის ტექნიკას გადაიყვანენ, რათა სამუშაოები დაიწყოს. ჭუბერის ცენტრალური ხიდი, სხვა ხიდებთან ერთად, ადიდებულმა მდინარემ წაიღო.
რამდენიმე დღის წინ მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად ჭუბერი და რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყდა. დაიტბორა გზები, ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე სახლი და ხიდები წაიღო.