სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის დედა ამბობს, რომ მის შვილს სანადირო თოფი არ ჰქონდა
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის დედა ამბობს, რომ მის შვილს სანადირო თოფი არ ჰქონდა

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის დაკავებული მალხაზ კობაურის დედა მარიამ მარტიაშვილი ამბობს, რომ მის შვილს სანადირო თოფი არ ჰქონია და შესაძლოა, მომხდარის უკან სხვა პირი იდგეს.

ამასთან, როგორც დედა აცხადებს, მას გამოძიების არ სჯერა.

„არ მჯერა გამოძიების. არ ვიცი, რა მოხდა. ჩემთვისაც კარგი იქნებოდა, რომ ვიცოდე. მას სანადირო თოფი არ ჰქონია. დაკავების შემდეგ ჩემს შვილთან არ მისაუბრია“, – განაცხადა მარტიაშვილმა.

ამასთან, დედის თქმით, მისთვის უცნობია, რატომ იყო მალხაზ კობაური ხადას ხეობაში.

„არც ის ვიცი, რატომ იყო ხეობაში, მწყემსებთან ერთად ყოფილა. 7 ივლისს დამირეკა. მან ნახა ის დახოცილები. ბავშვი თუ დამარხა, იმ გარდაცვლილი ქალის, გვამის რატომ შეეშინდა. მის უკან ვიღაც დგას, ვინ არ ვიცი. ველოდები გამოძიებას და ექსპერტიზის პასუხს, მერე ვნახოთ“, – განაცხადა კობაურის დედამ.

ამასთან, მისი თქმით, დაკავებულს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ჰქონია.

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის მალხაზ კობაური დააკავეს. საუბარია ამერიკისა და საქართველოს ორმაგ მოქალაქეებზე, რაიან და ლორა სმიტებსა და მათ 4 წლის შვილზე. შსს-ის ინფორმაციით, 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. ადგილზე ჯერ ცოლ-ქმრის ცხედარი იპოვეს. გუშინ კი, მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი ჩანჩქერის მახლობლად იქნა აღმოჩენილი. უწყების ცნობით, ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩატარდება.