სალომე ზურაბიშვილი - სიმბოლურია, რომ საარჩევნო კამპანიას დარიალის ხეობიდან, საზღვრიდან ვიწყებ
სიმბოლურია, რომ საარჩევნო კამპანიას, რომელიც ოფიციალურად დღეს დაიწყო, სწორედ დარიალის ხეობიდან, საზღვრიდან ვიწყებ, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელიც ხელმოწერების შეგროვების კამპანიის ფარგლებში რეგიონებში სტუმრობას განაგრძობს.
მისი თქმით, მიზანი მიღწეულია და მან უკვე 25 000-ზე მეტი მხარდამჭერის ხელმოწერა შეაგროვა.
„მიუხედავად იმისა, რომ საჭირო ხელმოწერების რაოდენობა შეგროვებულია, ხელმოწერების კამპანია გაგრძელდება საქართველოს ყველა რეგიონში“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, შემდეგი სამეგრელო, სვანეთი და გურია იქნება.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დღეიდან დაიწყო.