სალომე ზურაბიშვილი - მივმართავ მედიას, როდესაც ჩემს მიმართ უაზრო კითხვები ისმის, სხვა კითხვებს რატომ არავინ სვამს
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მის მიმართ მედიის მხრიდან ომისა და რუსეთის საკითხზე დაჟინებული და უაზრო კითხვები ისმის, რომელიც კონტექსტიდან ამოგლეჯილ სიტყვებზეა დამოკიდებული.
თუმცა, ზურაბიშვილის თქმით, სხვა კითხვებს არავის სვამს.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა მედიას რამდენიმე კითხვით მიმართა.
„ჩემს მიმართ როდესაც ისმის დაჟინებული და უაზრო ეს კითხვები, რომელიც დაფუძნებულია ამოგლეჯილ კონტექსტზე, სხვა კითხვებს რატომ არავინ სვამს. ახლა მე მივმართავ მედიას, რატომ არ მოუსმინა იმ დროინდელმა ხელისუფლებამ, რასაც კარნახობდნენ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები, რასაც ფაქტობრივად ყოველდღიურად კარნახობდნენ, რატომ არ გამოაცხადა იმთავითვე ხელისუფლებამ რუსეთი აგრესორად, დღეს რომ მეკითხებით და რატომ დაელოდა სამ დღეს. ვინ იყო აგრესორი, მანამდე რა გვესმოდა, რომ რუსეთმა არ იცის, სეპარატისტები არიან დამნაშავეები და რუსეთი ვერ აკონტროლებს თურმე თავის მიერ მართულ სეპარატისტებს. ამას გვეუბნებოდნენ ქვეყნის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ქვეყნის კონფლიქტთა მინისტრი, ქვეყნის პრეზიდენტი. როგორც ჩანს, ამაზე კითხვა არ გაგაჩნიათ“, – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა მედიას.
ამასთან, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის ერთ-ერთი კითხვაა, რატომ არავინ მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას პირველივე დღეს, როდესაც რუსეთმა ომი დაიწყო.
„რატომ არ ვთქვით მაშინვე, რომ რუსეთმა ომი დაიწყო, რას ელოდა ქვეყნის იმდროინდელი ხელისუფლება?
და ბოლოს, ვინც მაბრალებს, რომ სამართლებრივი კუთხით, საერთაშორისო სასამართლო დავების წარმართვის დროს შეიძლება, ჩემი ართქმული, კიდევ ვიმეორებ, ციტატები იყოს გამოყენებული ქვეყნის წინააღმდეგ, რატომ არავინ მიიჩნევს, რომ ჩვენი ქვეყნის მაშინდელი პრემიერის, პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის იმდროინდელმა განცხადებებმა და ნათქვამმა იმ დღეებში, არ შეიძლება ავნოს საქართველოს საქმეს საერთაშორისო სასამართლოებში, რატომ ამაზე არ ვფიქრობთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, მას არ უყვარს სიტყვა მოღალატე, მაგრამ ბევრ კითხვაზეა პასუხი გასაცემი.
„სიტყვა მოღალატე არ მიყვარს, არ ვიყენებ და მერიდება კიდეც, რომ გამოვიყენო, მაგრამ ვიკითხოთ – ვინ დაარქვა ზემო აფხაზეთი კოდორის ხეობას, ვინ გააფართოვა კონფლიქტის ზონა და ცხინვალის რეგიონი სამხრეთ ოსეთად ოფიციალურად მონათლა, ვინ დატოვა კოჯორში მთელი ჩვენი ძვირად ღირებული შეიარაღება და ვინ დატოვა ტყეში ჩვენი ბიჭები, – ამ კითხვებზე უთუოდ იქნება პასუხები გასაცემი. ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, ვიქნები თუ არა პრეზიდენტი (მაგრამ მე ვიქნები). ამ კითხვებზე პასუხი სხვა რამეზეა დამოკიდებული, რომ ჩვენ ბოლოს და ბოლოს, ჩვენს წარსულზე, ჩვენი ხელისუფლების დანაშაულებებზე ვიცოდეთ რეალობა, რადგან წინ გვაქვს მომავალი. ამ მომავალში საქმე უნდა ვაკეთოთ, გავამთლიანოთ ქვეყანა და ამისთვის საჭიროა, ჩვენს ძმებს აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკებში მივმართოთ, რომ ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ არ სჭირდებათ რუსეთის დაცვა, რომ აუცილებელად გავმთლიანდებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.