სალომე სამადაშვილი - ხელისუფლებამ 2013 წლიდან შეწყვიტა საგამოძიებო პროცესისთვის მასალების მიწოდება, რომელიც 2008 წლის მოვლენებში რუსეთის ბრალეულობის დასადგენად აუცილებელია 
სალომე სამადაშვილი - ხელისუფლებამ 2013 წლიდან შეწყვიტა საგამოძიებო პროცესისთვის მასალების მიწოდება, რომელიც 2008 წლის მოვლენებში რუსეთის ბრალეულობის დასადგენად აუცილებელია 

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე ჰააგაში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, ჰააგაში მიმდინარე პროცესები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.

„მინდა, ჰააგაში მიმდინარე პროცესებს გამოვეხმაურო, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის არჩევა ქვეყნის პრეზიდენტად ფაქტიურად, ჩამოშლის იმ საერთაშორისო სამართლებრივ და იურიდიულ ჩარჩოს, რომელიც წლების მანძილზე იქნა შექმნილი არ აღიარების პოლიტიკისთვის. ფაქტიურად, ეს შესაძლოა, რუსეთს ჰააგაში გზის გახსნაში დაეხმაროს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, 2013 წლიდან ქართულმა მხარემ, დღევანდელმა ხელისუფლებამ ფაქტიურად შეწყვიტა შესაბამისი საგამოძიებო პროცესისთვის მასალების მიწოდება, რომელიც 2008 წლის მოვლენებში რუსეთის ბრალეულობის დასადგენად აუცილებელია.

„საქართველოს ელჩი ნიდერლანდებში, ჰააგაში, რომელსაც ევალება ქართული სახელმწიფოს ინტერესების წარმოდგენა ამ საგამოძიებო პროცესში არ მონაწილეობს არანაირ შესაბამის შეხვედრებში, რადგანაც არ გააჩნია ინსტრუქციები. ამის პარალელურად კი, რუსეთი აქტიურად იყენებს ამ ტრიბუნას, რათა გაატაროს საკუთარი ინტერესები“, – განაცხადა დეპუტატმა.

სალომე სამადაშვილის თქმით, არის საფრთხე, რომ პროცესმა საქართველოს ინტერესებისთვის არასასურველი სახე მიიღოს. დეპუტატი აღნიშნული საკითხის  საგარეო ურთიერთობათა  კომიტეტის სხდომაზე დაყენებას აპირებს, ამასთან, იუსტიციის მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს მიმართავს.