სალომე სამადაშვილი - ვიქტორ ბოშტინარუმ დებატებზე სასაუბრო ალბათ, პირდაპირ რუსეთის საელჩოდან მიიღო
სალომე სამადაშვილი - ვიქტორ ბოშტინარუმ დებატებზე სასაუბრო ალბათ, პირდაპირ რუსეთის საელჩოდან მიიღო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ვარაუდობს, რომ რუმინელმა დეპუტატმა, ევროპარლამენტარმა ვიქტორ ბოშტინარუმ დირექტივები რუსეთის საელჩოდან მიიღო.

სამადაშვილი ბოშტინარუს იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც რუმინელმა პოლიტიკოსმა ,,ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატ, გრიგოლ ვაშაძის რუსული წარსულის შესახებ გააკეთა.

„ევროპარლამენტში არის 700-ზე მეტი დეპუტატი. მათ შორის არიან დეპუტატები, რომლებიც ძალიან ხშირად პირდაპირ რუსეთის საელჩოსგან იღებენ ბრიუსელში ინსტრუქციას, რა უნდა თქვან. მე არ მაქვს ამის დამამტკიცებელი საბუთი, მაგრამ შემიძლია, მხოლოდ ვივარაუდო, რომ ამ ადამიანმა თავისი სასაუბრო, რა უნდა ეთქვა ამ დებატებზე, ალბათ, მიიღო პირდაპირ რუსეთის საელჩოდან ინსტრუქციად. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ბევრი ყოფილი კომუნისტური პარტიის წევრი დღეს აგრძელებს მოსკოვზე მუშაობას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

რუმინელმა პოლიტიკოსმა, ევროპარლამენტის წევრმა, ვიქტორ ბოშტინარუმ ევროპარლამენტში გუშინ განაცხადა: „ყოფილი რუსი ელჩი, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტად“.

ევროპარლამენტში გუშინ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილეს.