რუსული მედია - კრემლი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შესახებ ინფორმირებულია, თუმცა ამ საკითხზე ჯერ კომენტარს არ აკეთებს
კრემლი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შესახებ ინფორმირებულია, თუმცა რუსეთთან ურთიერთობების განვითარების შესაძლო პერსპექტივაზე თბილისის პოზიციის გარკვევამდე, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
ამის შესახებ რუსულ მედიასთან რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ თვალს ვადევნებთ საინფორმაციო შეტყობინებებს, რომლებიც საქართველოდან მოდიოდა, ვითვალისწინებთ ინფორმაციას და ფაქტს კანდიდატის გამარჯვების შესახებ“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
კითხვაზე, იწვევს თუ არა სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება მოსკოვში ოპტიმიზმს, პესკოვმა უპასუხა: „აქ ჩვენ უმჯობესია დაველოდოთ პირველ განცხადებებს, რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობების განვითარების შესაძლო პერსპექტივების შეფასებას“.
ამასთან პესკოვის თქმით, ორი ერი ერთმანეთისთვის ახლობლად რჩება, მაგრამ სახელმწიფოთაშორისი კავშირები უკეთესის სურვილს ტოვებს.
„უდავოდ, ორი ერი რჩება ერთმანეთისთვის ძალიან ახლობლად. სახელმწიფოთაშორისი კავშირები კი, ცნობილი მოვლენების შემდეგ უკეთესის სურვილს ტოვებს“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა.