პრემიერ-მინისტრი დიდი ბრიტანეთის სამეფოს სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი დიდი ბრიტანეთის სამეფოს სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ ძალიან მკაფიო გამოხატულებაა იმისა, რომ დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მტკიცე ხდება,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრის სერ ალან დუნკანის შეხვედრაზე აღინიშნა.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებზე, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების პოზიტიურ დინამიკაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, მიმდინარე რეფორმებსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სერ ალან დუნკანის შეფასებით, საქართველო რეფორმების, დემოკრატიის ხარისხის და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით რეგიონში სამაგალითოა და მთავრობის რეფორმების ამბიციური პროგრამა მისასალმებელია. განსაკუთრებით აღინიშნა განათლების რეფორმის მნიშვნელობა.  ხაზი გაესვა „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების როლს – პოლიტიკური, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით.

განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს როლი რეგიონში, დიდ ბრიტანეთთან თავდაცვის სფეროში არსებული პარტნიორობა, ასევე თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოების სფეროში, რის შესახებაც დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და ბოლო დღეებში სოფელ ატოცში განვითარებულ მოვლენებზე, რასთან დაკავშირებითაც სერ ალან დუნკანმა შეშფოთება გამოთქვა. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

საუბარი ასევე შეეხო ბრიტანეთის „კარგი მმართველობის ფონდის“ (GGF) ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებასა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებაში.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სერ ალან დუანკანს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ჩამოყალიბების პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.