ნინო ლომჯარია - იმედს ვიტოვებ, არჩევნების მეორე ტურის ოთხშაბათ დღეს ჩატარება ნეგატიურად არ აისახება ამომრჩევლის აქტივობაზე
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ყოველთვის უმჯობესია, არჩევნების დღე შაბათ-კვირა იყოს.
მისი თქმით, ამის მიზეზი არამხოლოდ ემიგრანტებია, არამედ გასათვალისწინებელია საქართველოს შიგნით არსებული მაღალი მიგრაციაც.
„მიმაჩნია, არჩევნების დანიშვნა ყოველთვის უმჯობესი არის შაბათ-კვირას. ეს არ გამომდინარეობს მხოლოდ ემიგრანტების საკითხიდან. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, საზღვარგარეთ მყოფმა ჩვენმა მოქალაქეებმა მისცენ ხმა და ამის საშუალება მათ ძირითადად სწორედ შაბათ-კვირას აქვთ, თუმცა ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანაში არსებობს საკმაოდ მაღალი შიდა მიგრაცია და მოქალაქეებს უწევთ შორ დისტანციაზე წასვლა ხმის მისაცემად იქ, სადაც არიან რეგისტრირებული. ამის საშუალება კი, შაბათ-კვირას უფრო მეტად არის, ვიდრე ერთი დღის განმავლობაში, რომ თუნდაც ერთი დღე გამოცხადდეს უქმედ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის თქმით, კანონი იძლეოდა საშუალებას, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შაბათს ან კვირას დანიშნულიყო.
ამასთან, ნინო ლომჯარია იმედოვნებს, რომ მეორე ტურის ოთხშაბათ დღეს დანიშნვა ნეგატიურად არ აისახება ამომრჩევლის აქტივობაზე.
„უფრო მაღალი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, საარჩევნო უბნების რეალიზაციის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, უკეთესი იყო შაბათს ან კვირას დანიშნულიყო. რამდენადაც ვიცი, კანონიც იძლეოდა ამის საშუალებას. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა და იმედს ვიტოვებ, ეს ნეგატიურად არ აისახება მათ შორის ამომრჩევლის აქტივობაზე არჩევნების დღეს. უფრო მისასალმებელი იქნებოდა, არჩევნები დანიშნულიყო შაბათ-კვირას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გუშინ გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი, სადაც ცესკო-მ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები ოფიციალურად შეაჯამა.