ნატო-ს დეკლარაცია - ძალაში რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია MAP-ი
ნატო-ს დეკლარაცია - ძალაში რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია MAP-ი

ნატო-ს სამიტის ბოლოს 29 მოკავშირე ქვეყნის ლიდერებმა ბრიუსელის სამიტის დეკლარაცია მიიღეს. ტექსტში საქართველო რამდენჯერმეა ნახსენები.

დეკლარაციის 65-ე მუხლში აღნიშნულია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ნატო ერთგულია ღია კარის პოლიტიკისა და საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი არის წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP), ძალაში რჩება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტი ძალაშია. მივესალმებით საქართველოს მიერ 2008 წლიდან მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ასევე მივესალმებით იმ ცენტრალურ როლს, რომელიც ნატო-საქართველოს კომისიამ და წლიურმა ეროვნულმა პროგრამამ შეასრულა საქართველოსა და ნატო-ს შორის პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებაში. მივესალმებით საქართველოს მიერ რეფორმების გატარებაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, რაც უნდა გაგრძელდეს და, რაც ასპირანტ სახელმწიფოს ნატო-ს წევრობისთვის მზადებაში ეხმარება, ასევე აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და ამ ქვეყნის სამხედრო ძალებს ნატო-ს სტანდარტებთან აახლოებს. საქართველო-ნატო-ს ურთიერთობაში არის ყველა პრაქტიკული საშუალება, რაც მას ნატო-ს წევრობისთვის მოამზადებს. ჩვენ მივესალმებით ნატო-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, როგორც გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორს შავი ზღვის უსაფრთხოებაში და ხელშესახებ პროგრესს, რომელიც ნატო-ს არსებითი პაკეტის ფარგლებში რამდენიმე ინიციატივის იმპლემენტაციის კუთხით არის მიღწეული”, – ნათქვამია დეკლარაციის 65-ე მუხლში.

ალიანსის წევრები მიესალმებიან საქართველო მნიშვნელოვან და მდგრად კონტრიბუციას ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებისა და ავღანეთის მისიაში, ასევე ქართველი სამხედროების მონაწილეობას ევროკავშირის ოპერაციებში.

მათი თქმით, ეს ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

„ჩვენ მზად ვართ, გავაძლიეროთ საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის უფრო მეტი სამხედრო წვრთნების ჩატარებისა და კომუნიკაციების უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით, ამავე დროს, ნატო ელოდება 2019 წელს ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნების ჩატარებას”, – წერია ბრიუსელის დეკლარაციის 65-ე მუხლში.