ნათია მეზვრიშვილი - არჩევნები ყველა რეგიონში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაციით, არჩევნები ყველა რეგიონში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, – ამის შესახებ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დაფიქსირდა პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებული შესაძლო სამართალდარღვევის 29 ფაქტი, რომლებზეც მყისიერი რეაგირება მოხდა. ამასთან, გადამოწმების შედეგად 15 ფაქტი არ დადასტურდა ან არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს.
7 საქმეზე კი, სადაც განმცხადებლები მიუთითებდნენ ფიზიკური შეურაცხყოფის, მუქარისა და ნივთის დაზიანების შესაძლო ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით დაიწყო. მათ შორის გამოძიება დაიწყო ბათუმში, მარნეულში, სიღნაღში, კასპში, სამტრედიასა და ახალქალაქში მომხდარ ინციდენტებზე“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
მისი ინფორმაციით, მარნეულში მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს კონფლიქტის მონაწილეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდარღვევის აღსაკვეთად ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს, რის გამოც სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთი წევრი და „ქართული ოცნების” ერთი წევრი.
შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიების ფარგლებში ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
„29 ფაქტიდან დარჩენილ 7 ფაქტთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება. ვინაიდან შეტყობინების ინიციატორთა ნაწილი, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ახორციელებს სამსახურებრივ მოვალეობას, არჩევნების მიმდინარე პროცესისთვის ხელის შეშლის თავიდან ასაცილებლად, მათი გამოკითხვა და გარემოებების დაზუსტება არჩევნების დასრულებისთანავე მოხდება“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
შს მინისტრის მოადგილე პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმების საარჩევნო უბნებზე მოძრაობის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურება.
„საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი საპოლიციო ძალების მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე არაერთხელ გააკეთა განცხადება. პოლიციის თანამშრომლები უფლებამოსილებას ახორციელებენ კანონით დასაშვებ ფარგლებში და საარჩევნო უბნებისგან კანონით დასაშვებ რადიუსში, რათა მაქსიმალურად შეეწყოს ხელი არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებას. ამგვარი გადაადგილებები დღის განმავლობაში გაგრძელდება“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ამასთან, მისივე განმარტებით, პოლიცია რეაგირებას მოახდენს და აღკვეთს სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტს.
„იძულების ღონისძიება გამოყენებული იქნება საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ყველა პირის მიმართ, განურჩევლად ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიისადმი მათი კუთვნილებისა“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე.
შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პოლიცია გადაამოწმებს ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის შესახებ გავრცელებულ თითოეულ ინფორმაციას და კანონით დადგენილი წესით აცნობებს საქართველოს პროკურატურას.