ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე ჯარიმები გაიზრდება და შესაძლოა, მართვის მოწმობის ჩამორთმევის ხანგრძლივობაც გაიზარდოს
ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე ადმინისტრაციული ზომები შესაძლოა, გამკაცრდეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარედგინება. ცვლილება ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს.
როგორც შს სამინისტროში განმარტავენ, მოქმედი კანონით, ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა მართვის უფლების 6 თვის ვადით შეჩერებას იწვევს. სამი თვის შემდეგ კი, მძღოლს შეუძლია მართვის მოწმობის გამოცდაზე გავიდეს და ხელახლა აიღოს, ან გადაიხადოს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. საკანონდებლო ცვლილებით, ჯარიმის ოდენობის მატებასთან ერთად, შესაძლოა, მძღოლისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევის ხანგრძლივობაც გაიზარდოს.
„ამ მიმართულებით ვსწავლობთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, რომლის საფუძველზეც ვამზადებთ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც საშემოდგომო სესიისთვის იქნება ინიცირებული პარლამენტში. ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ გადაადგილებაზე მაქსიმალურად მკაცრი სანქციების დაწესება ხელს შეუწყობს ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას“, – განაცხადა გიორგი არსოშვილმა.