მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა კიევის პატრიარქ ფილარეტის მიმართ ანათემა გაუქმებულად გამოაცხადა
არსებული ინფორმაციით, მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა კიევის პატრიარქ ფილარეტის მიმართ ანათემა და 1686 წლის სინოდალური წერილი, რომლის მიხედვით მოსკოვის პატრიარქს კიევის მიტროპოლიტის ხელდასმის უფლებას ეძლეოდა, გაუქმებულად გამოცხადა.
სინოდის გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს პრესმდივანი ევსტრატი ზორია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„კარგი სიახლეები სინოდიდან. რამდენიმე წყაროდან მივიღეთ ინფორმაცია მსოფლიო საპატრიარქოს ორი მოსალოდნელი გადაწყვეტილების შესახებ. პირველი – პატრიარქ ფილარეტის აპელაციის დაკმაყოფილების შესახებ, მეორე – 1686 წელს კიევის მიტროპოლიის ანექსიის უკანონოდ აღიარების შესახებ. ველოდებით წმინდა სინოდის ოფიციალურ განცხადებას“ – დაწერა ზორიამ.
თავის მხრივ, ბერძნული გამოცემა Orthodoxia.info საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ფილარეტისა და მიტროპოლიტ მაკარისთვის ანათემის გაუქმების შესახებ აპელაცია უკვე დაკმაყოფილებულია. ავტოკეფალიის მინიჭების შემთხვევაში, ფილარეტი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის თანამდებობაზე მთავარი პრეტენდენტია. მისთვის ანათემის მოხსნა ამისთვის აუცილებელი პირობაა.
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომა სტამბოლში 9 ოქტომბერს დაიწყო და 11 ოქტომბერს დასრულდება. სტამბოლში ჩავიდნენ კიევში მსოფლიო პატრიარქის მიერ მივლენილი ეგზარქოსები, რომლებიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე სინოდის სხდომაზე ანგარიშით წარდგნენ. უკრაინული მედია მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის გამოცემას არ გამორიცხავს