მიხეილ სააკაშვილი - ერთს რომ ჩამოართმევ სახლს, მერე ვეღარ ჩერდები, მერე კიდევ, კიდევ და გადადის შურისძიებაში
ერთს რომ ჩამოართმევ სახლს, მერე ვეღარ ჩერდები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქ ლაივის“ დროს განაცხადა, უკანონოდ ნაყიდი და აშენებული სახლების ჩამორთმევის შესახებ კითხვის პასუხად.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის „სახლების ჩამორთმევის ბიზნესში“ უკვე აღარ არის.
„არა ვარ მე უკვე სახლების ჩამორთმევის ბიზნესში და ნუ დამაბრუნებთ იქ. მე თქვენ გეტყვით რატომ, ერთს რომ ჩამოართმევ, მერე ვეღარ ჩერდები და მერე კიდევ, კიდევ და მერე გადადის, რაღაც ვენდეტაში და შურისძიებაში“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, უკანონო ქონება არავის უნდა შერჩეს, მაგრამ ამისთვის საკანონმდებლო პროცედურები არსებობს.
„თუ თქვენ გინდათ ვიღაცა ბოლშევიკი, რევოლუციონერი ან 2003 წლის ვერსიის სააკაშვილი, მე სამწუხაროდ უკვე აღარა ვარ. მჯერა კანონის უზენაესობის, რა თქმა უნდა, უკანონო ქონება ასე არავის უნდა შერჩეს, მაგრამ არსებობს კანონის პროცედურები და ეს პროცედურები არის ხანგრძლივი, უნდა მოთმენა და ასე ხელაღებით არავის არაფერი არ უნდა ჩამოერთვას, ხელაღებით არავინ არ უნდა დაისაჯოს, ეს ასე არ ხდება. მე უკან ვერ გადავახვევ ისტორიას, მეც გამოვიცვალე, ბევრად უფრო დაწყნარებული ვარ და ბევრად მეტ ასპექტს ვხედავ ამ სიტუაციის, მაშინ ვიღაც თავგაცხელებული რევოლუციონერი უნდა ვიშოვოთ, რომელიც მე უკვე აღარა ვარ, ბევრი მიზეზი გამო ალბათ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.