მამუკა მდინარაძე - ოპონენტები რეალობის მოდელირებას ცდილობენ, თუმცა მათ ქმედებებს არჩევნების შედეგზე გავლენა არ ექნება
რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო აქტიურად ირთვება „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პროპაგანდისტული მანქანა, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ოპონენტები იაფფასიანი კომპრომატებით რეალობის მოდელირებას ცდილობენ, თუმცა, მათ ქმედებებს არჩევნების შედეგებზე გავლენა ვერ ექნება.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი ყველა მსგავს შემთხვევაზე მოახდენს რეაგირებას და მას საერთაშორისო დამკვირვებლებსა და საზოგადოებას აცნობებს.
„დღეს საზოგადოებისთვის მორიგი სისულელის, ვითომდა, ფარული ჩანაწერის შესაღებას შეეცადნენ. ბუნებაში არ არსებული ამ ტიპის ე.წ. კომპრომატების შექმნა შეუძლია ნებისმიერი ორი პირის საუბრის ჩაწერითაც კი „რუსთავი 2“-ს და „ნაციონალურ მოძრაობას“. „რუსთავი 2“-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ვითომდა ფარულ ჩანაწერში საუბარია, თითქოს „ქართული ოცნების“ რეგისტრირებული ამომრჩევლისა და რეალურად მიღებულ ხმებს შორის 40 პროცენტიანი სხვაობა არსებობს, ამის აღმოსაფხვრელად კი, ჩვენი გუნდი საარჩევნოდ თითქოს გარკვეულ მანიპულაციებს გეგმავს“, – განაცხადა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ მათ ეს ინფორმაცია სრული აბსურდი და სიცრუეა.
ამასთან, მდინარაძის თქმით, ოპონენტების სქემის ნაწილია გურჯაანსა და რუსთავში მოწყობილი პროვოკაციები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილთან დაკავშირებული ინციდენტები.
„ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერზე მიდის, რათა როგორმე დააგროვოს ე.წ. კომპრომატები, თითქოსდა, მათ წინააღმდეგ ხდება პოლიტიკური ანგარიშსწორება. რეალურად, შეუძლებელია, რომ ხელისუფლების ინტერესებში შედიოდეს ოპონენტების მიმართ პროვოკაციების მოწყობა, რადგანაც არეულობა, დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარი არჩევნებში დამარცხებისთვის განწირული სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმის ნაწილია და არეულობა ხელისუფლების ინტერესში ვერაფრით ვერ იქნება“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
ამასთან, მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მარნეულში მომხდარ ფაქტზეც იცრუა.
„ცრუ ბრალდება გააჟღერეს ამ მიმართულებით, რადგან პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოც ადასტურებს, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეზე რამე ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ბრალდებები აღმოჩნდა მტკნარი სიცრუე. ამ მოქალაქის მკურნალმა ექიმმაც კი დაადასტურა, რომ მას არანაირი სახის დაზიანება არ ჰქონია და არ მიუღია. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ შკლიაროვისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია, სხვას დააბრალონ, რასაც თავად წლების განმავლობაში სჩადიოდნენ“, – აღნიშნა მდინარაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ ჩხოროწყუს რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირდა. მდინარაძის განცხადებით, დოკუმენტი, რომლითაც აღნიშნული ქმედების შესახებ ცნობილი ხდება, შინაგან საქმეთა სამინისტროშია გადაგზავნილი და დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი უწყებები რეაგირებას მოახდენენ.
„ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რომ რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვაბრალებდნენ, რეალურად თავად სჩადიან. „რუსთავი 2“-ის მიერ დადგმული სპექტაკლები მხოლოდ არჩევნების დელეგიტიმაციას, გაყალბების ილუზიის შექმნას ემსახურება, რომელიც იმ რევოლუციური სცენარის შემადგენელი ნაწილია, რასაც სააკაშვილი, შკლიაროვი, ვაშაძე და მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ლიდერები ღიად თუ ფარულად დიდი ხანია გვიანონსებს“, – აღნიშნა მდინარაძემ.
ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარდება.
„ისევე როგორც, 2012 წლიდან მოყოლებული ყველა არჩევნები, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტებით, თავისუფალ, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში წარიმართება, რომელშიც „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ. „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერ ქმედებას კი, რომელიც არეულობისა და დესტაბილიზაციის მცდელობისკენ იქნება მიმართული, კანონის ფარგლებში უმკაცრესი პასუხი გაეცემა“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.