ლონდონში კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის მოთხოვნით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ლონდონში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით დემონსტრაცია გაიმართა. ათასობით აქტივისტი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ვესტმინსტერის ხიდთან შეიკრიბა და გლობალური დათბობის წინააღმდეგ უფრო აქტიური ბრძოლის მოთხოვნით გზა გადაკეტა.
დემონსტრანტების განმარტებით, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა არამხოლოდ სურვილი, არამედ ადამიანების მორალური ვალდებულებაა. ამიტომ მთავრობამ აღნიშნულ საკითხს გაცილებით დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს და მეტად ეფექტიანი ზომები გაატაროს.
აქტივისტები დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის კიდევ ოთხ ძირითად ხიდთან შეკრებასა და მათ გადაკეტვასაც აპირებენ.
The Guradian-ის ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ლონდონში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით გამართული გამოსვლებისას 60-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. აქტივისტები პროტესტის ნიშნად მთავარი საავტომობილო გზების და სამთავრობო შენობების ბლოკირებას ცდილობდნენ.
გაერო-ს მონაცემებით, საერთაშორისო საზოგადოებას ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად 12 წელი დარჩა. საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები აცხადებენ, რომ 12 წლის შემდეგ დედამიწაზე შეუქცევადი პროცესი დაიწყება.