ლევან კობერიძე - მნიშვნელოვანია, შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ არასაქართველოს მოქალაქის სახელმწიფო გადატრიალებისკენ მიმართული რიტორიკით
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან კობერიძის შეფასებით, ქვეყანაში ქაოსის, დესტაბილიზაციისა და პროვოკაციების მცდელობის სცენარი წინასწარ განჭვრეტადი იყო.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამის დასტურია არჩევნების წინ და არჩევნების პერიოდში ოპოზიციის რიტორიკა, ასევე, რაც დღეს ხდება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ, ხაზი გავუსვათ და შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ არასაქართველოს მოქალაქის სახელმწიფო გადატრიალებისკენ მიმართული რიტორიკით“, – განაცხადა კობერიძემ.
მისი თქმით, როდესაც ვაშაძე ამბობს, რომ 800 ათასმა ადამიანმა მისცა დასტური დაუმორჩილებლობისა და არჩევნების არცნობისკენ მიმართონ მთელი ენერგია, გასათვალისწინებელია, რომ სალომე ზურაბიშვილს ხმა 1 მლნ 200 ათასმა ადამიანმა მისცა.
„სამწუხარო მეტამორფოზას განიცდის. როდესაც პროგრესული ბლოკჩეინების თემებზე საუბრობდა თავის დროზე, არჩევნების დროს და ახლა ფაქტობრივად, მგონი, რომელიღაც ბლოკჩეინმა მის გონებაში რაღაც ხარვეზი გამოიწვია და შესაბამისად აკეთებს ასეთ განცხადებებს. პირდაპირ ვიტყოდი – პოლიტიკური რეგრესი შეიმჩნევა მის ცხოვრებაში“, – აღნიშნა უმრავლესობის დეპუტატმა, ლევან კობერიძემ.