კობა გვენეტაძე - საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსი მოქმედებს, რომლისთვისაც დროებითი მერყეობა დამახასიათებელია
საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსი მოქმედებს და მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმისთვის დამახასიათებელია დროებითი მერყეობა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, უფრო მნიშვნელოვანია, როგორი იქნება კურსი საშუალო და გრძელვადიან პერიოდში.
„ამავე დროს, ხშირად ხდება ანალიზის გაკეთება, რომ აი ამის გამო საქართველოში ინფლაცია მაღალი იქნება. საქართველოში ინფლაცია არის დაბალი, ამ წუთას მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია. საქართველოს ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველანაირი ბერკეტი იმისთვის, რომ ინფლაცია საშუალო და გრძელვადიან პერიოდში იყოს დაბალი, რაც არის იმის გარანტია, რომ გაცვლითი კურსი იქნება სტაბილური“, – განაცხადა გვენეტაძემ.
რაც შეეხება ზოგადად ფასებს, მისი თქმით, გარკვეული პროდუქტები გაიაფდა.
„რაც შეეხება ზოგადად ფასებს, დაბეჯითებით გთხოვთ, როდესაც დაასახელებთ, რომ რომელიმე პროდუქტი გაძვირდა, ამავე დროს არ დაგავიწყდეთ, რომ არსებობს პროდუქტები, რომლებიც გაიაფდა. აქედან გამომდინარე ფასების დონე, ეს არის ინდექსი, რომელიც გამოითვლება კალათით. შეუძლებელია და არ არის სწორი, როდესაც ერთი ან ორი პროდუქტის ფასის ცვლილების მაგალითზე ხდება დასკვნა, რომ ინფლაცია გაიზარდა. საქართველოში ინფლაცია არ არის მაღალი და ეროვნულ ბანკს ყველა ბერკეტი გააჩნია ეს აკონტროლოს“, – განაცხადა მან.
ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, გაცვლითი კურსის ცვლილება ყოველთვის უნდა დასახელდეს პროცენტებით.
„შემიძლია მოგცეთ მაგალითად ასეთი სტატისტიკური ინფორმაცია, რომ 2017 წლის ბოლოსთან შედარებით, ეროვნული ვალუტა – ლარი გაუფასურებულია 3.5 პროცენტით. თუ გვინდა ნამდვილად დავინახოთ სიტუაცია ეკონომიკურად, აუცილებლად მინიშნება უნდა გავაკეთოთ ლარის ეფექტურ გაცვლით კურსზე და 2017 წლის ბოლოსთან შედარებით, ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი არის გამყარებული 9 პროცენტით“, – განაცხადა გვენეტაძემ.
ამასთან, მისი თქმით, როცა საუბარია გაცვლით კურსზე, ყველაზე კარგი თავდაცვა სესხების ლარში აღებაა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ხვალ 2.7026 ლარი იქნება.