მსჯავრდებულებისა და ყოფილი მსჯავრდებულების სარეაბილიტაციო პროგრამებს მრგვალი მაგიდის ფორმატში განიხილავენ
მსჯავრდებული და ყოფილი მსჯავრდებული პირებისთვის არსებული სარეაბილიტაციო პროგრამები, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საჭიროებები, ამ საკითხში პრობლემები და მათი მოგვარების გზები განიხილება სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, სადაც „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მრგვალ მაგიდას მართავს.
„ციხის საერთაშორისო რეფორმის“ პროექტის მენეჯერის, ირენა გაბუნიას თქმით, დღევანდელ ღონისძიებაზე გამოკვეთილი პრობლემებისა და პატიმართა საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მთავრობას გაეგზავნება.
„საერთაშორისო ორგანიზაცია ციხის „საერთაშირისო რეფორმა“ დღეს მართავს მრგვალ მაგიდას, იმ უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო შეხვედრას, რომლებიც ჩართული არიან კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში. უშუალოდ ჩართული უწყებების გარდა, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებიც მოვიწვიეთ, რათა ერთობლივად დაიგეგმოს, რა სერვისები უნდა იქნეს გათვალისწინებული სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაში და შესაბამისი თანხები გამოიყოს“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისი შეფასებით, კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება მოწყვლადი ჯგუფებისთვის – ქალები და განსაკუთრებით ძალადობის მსხვერპლი ქალები, აგრეთვე არასრულწლოვნები, თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხები.
ამასთან, როგორც გაბუნია აცხადებს, ყურადღება გამახვილდება ჯანდაცვის უფასო სერვისებზე ხელმისაწვდომობის, დასაქმების შესაძლებლობების, ოჯახებთან კონტაქტის გაძლიერების, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო სერვისების სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებაზე, ასევე მსგავსი კატეგორიის მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების საზოგადოებაში მეტ ინტეგრირებაზე.
ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში იმართება, რომლის პარტნიორები არიან: ასოციაცია „ქალი და ბიზნესი“, „საქართველოს პროფესიონალ ფსიქოლოგთა ასოციაცია“, „კონსტიტუციის 42 მუხლი“ და ასოციაცია „თანაზიარი“.