კანაფის უკანონო დათესვა-მოყვანისა და მარიხუანას უკანონო შენახვაზე ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შენახვის ფაქტზე ბრალდებულ გ.ტ.-ს, რომელიც პოლიციელია, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სამართალდამცველებმა პატრულ-ისნპექტორი გ.ტ. 2018 წლის 6 სექტემბერს დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას და ეზოდან ამოღებული იქნა მის მიერ დათესილი და მოყვანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, თოთხმეტი ძირი – 3197,95 გრ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 574,19 გრ. გამომშრალი მარიხუანა.
მთავარი პროკურატურის დეპარტამენტმა გ.ტ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა) და 2731 მუხლის მეექვსე ნაწილით (მარიხუანის უკანონო შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარუდგინა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს. გ.ტ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.