კახა კალაძემ ირაკლი ბენდელიანს დედაქალაქის მიწისქვეშა კომუნიკაციების რუკის მომზადება დაავალა
თბილისის მერი კახა კალაძე მოითხოვს, დედაქალაქში მიწისქვეშა სამუშაოების განხორციელების საკითხი მოწესრიგდეს, მომზადდეს შესაბამისი რუკა და ყველა კომპანიამ იცოდეს, როგორ წარიმართოს სამუშაოები.
კახა კალაძემ აღნიშნულ საკითხზე დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუშინ მიწისქვეშა სამუშაოების შესრულებისას პრობლემა შეიქმნა, დაზიანდა ინტერნეტის ხაზი, რის გამოც ნახევარი დღის განმავლობაში, სახელმწიფო სტრუქტურებს ინტერნეტი არ ჰქონდათ.
„სამუშაოების დროს, კახეთის გზატკეცილზე შეიქმნა პრობლემა. დააზიანეს ინტერნეტის ხაზი და ნახევარი დღის განმავლობაში სახელმწიფო უწყებებს ინტერნეტი არ მიეწოდებოდა. ეს კატეგორიულად მიუღებელია, რადგან არ არსებობს არანაირი გეგმა, მიწისქვეშა თბილისის სქემები. ჩემი ენერგეტიკის მინისტრობის დროს უამრავი შემთხვევა იყო, კერძო საკუთრებაში ვიღაც რაღაც პროექტს ახორციელებდა, ტრაქტორი მიწის ამოღების დროს დააზიანებდა ხაზებს და ნახევარ თბილისს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, აუცილებელია, ეს დამოკიდებულება შეიცვალოს, თბილისის მერმა მოადგილე ირაკლი ბენდელიანს სთხოვა ინფორმაცია, რამდენად არის გათვალისწინებული ახალ პროექტებში მიწისქვეშა კომუნიკაციები და ამ საკითხის მოგვარება დაავალა.
„ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. საჭიროა, დაიბაროთ ყველა კომპანია, ვისაც აქვს მიწისქვეშა კომუნიკაციები და გაკეთდეს და არსებობდეს რუკა. კონტრაქტორებმა კი, ვინც მუშაობს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, იცოდნენ როგორ წარმართონ სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ირაკლი ბენდელიანის თქმით, გზების რეაბილიტაციის დროს გათვალისწინებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული შეცვლა.
„როდესაც საუბარია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, გზების რეაბილიტაციაზე, აქ ბუნებრივია, ვგულისხმობთ მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულ შეცვლას. მიუხედავად იმისა, რომ მჭიდრო კონტაქტში და ურთიერთობაში ვართ ყველა საკომუნიკაციო კომპანიასთან, სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები კონკრეტულ ლოკაციებზე, კონკრეტულ მესაკუთრეს არ აქვს ინფორმაცია ქსელის არსებობის შესახებ. შესაბამისად, დღეიდანვე დავიწყებთ კომპანიებთან შეხვედრას. უახლოეს პერიოდში მოვახდენთ სრულ აღწერას და ეს პრობლემა მოგვარდება“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
თბილისის მერის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, გეგმის არსებობა, რაც ყველას გაუმარტივებს მუშაობას და წინასწარ ეცოდინება კონტრაქტორ კომპანიას, როგორ წარმართოს სამუშაოები ისე, რომ არ დააზიანოს მიწისქვეშა კომუნიკაციები.