კახა კალაძე არ აკონკრეტებს, დაუჭერს თუ არა მხარს „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე დავით უსუფაშვილს
„ქართულ ოცნებას“ ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერს მხარს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა, დაუჭერს თუ არა მხარს „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე დავით უსუფაშვილის კანდიდატურას.
მისი თქმით, მმართველი გუნდი პროცესებს აკვირდება და კანდიდატების დარეგისტრირების შემდეგ, მსჯელობის შედეგად მიიღებს გადაწყვეტილებას.
„ვის დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“, ამაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჩვენ ვაკვირდებით პროცესებს, შეიძლება კიდევ დამატებით დარეგისტრირდნენ დამოუკიდებელი კანდიდატები და შემდეგ, გუნდში მსჯელობის შედეგად გადავწყვეტთ. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო და დავადასტურო გადაწყვეტილება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო – ჩვენ დავუჭერთ მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს და არა, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატს“, – განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, პრეზიდენტის შემცირებული უფლებები ხომ არ არის იმის მიზეზი, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი, თბილისის მერი ამბობს, რომ ერთ-ერთი არგუმენტი ეს გარემოებაც იყო.
„ესეც იყო ერთ-ერთი არგუმენტი. თუ გადავხედავთ ამ ინსტიტუტის არსებობას ჩვენს ქვეყანაში, დამოუკიდებლობის შემდეგ, ის ძალიან ძლიერი ინსტიტუტი იყო. თუნდაც ავიღოთ გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, მარგველაშვილიც კი ეცადა ამ ინსტიტუტის გაძლიერებას სხვადასხვა ატრიბუტებით, თუნდაც ავლაბრის რეზიდენციაში შესვლით. თუმცა, ჩვენი დღევანდელი კონსტიტუციური მოწყობა საპარლამენტო რესპუბლიკაა და შესაბამისად, კონსტიტუციას პატივი უნდა ვცეთ. მთავარია პარლამენტი, ცენტრალური ხელისუფლება, პრეზიდენტი წარმომადგენლობითია. შესაბამისად, ეს იყო ერთ-ერთი კომპონენტი ჩვენი გადაწყვეტილების. არ გვინდოდა, ჩვენი კანდიდატის დაყენებით უფრო გახურდებოდა სიტუაცია და შეიძლება, სხვა მიმართულებით წასულიყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება.