კახა კალაძე გრიგოლ რობაქიძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
თბილის მერი კახა კალაძე გრიგოლ რობაქიძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
მისი განცხადებით, დიდუბის ხიდიდან აღმაშენებლის ძეგლამდე 1.2 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.
„გვინდა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ზაფხულის პერიოდი, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი გადის ქალაქიდან და ასეთი პროექტების განხორციელება უფრო მარტივია. გარკვეული შეზღუდვები არის და ბოდიში მინდა მოვუხადო მძღოლებს, მოსახლეობას დისკომფორტისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენი ქალაქისთვის კეთდება, რომ შემდეგ გადაადგილება უფრო კომფორტული იყოს. ასეთი პროექტები საკმაოდ ბევრი გვაქვს ქალაქში, რომელიც მიმდინარეობს“, – განაცხადა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ახალი ბორდიურისა და გზის საავტომობილო ნაწილის მოწყობა. დაიგება ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარი, შეიცვლება გარე განათების ბოძები და ევროპული ტიპის განათების ქსელი დამონტაჟდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 1,7 მლნ ლარი დაიხარჯება.