კახა კალაძე - „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი გამხმარი ხის ორი ტოტია
კახა კალაძე - „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი გამხმარი ხის ორი ტოტია

„ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი გამხმარი ხის ორი ტოტია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძეს ჟურნალისტემა „ევროპულ საქართველოს“ ეგზიტპოლის შედეგებზე ჰკითხეს: „ევროპულმა საქართველომ“ გამოაქვეყნა ეგზიტპოლის შედეგები, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს, შემდეგი არის სალომე ზურაბიშვილი, ასეთ ფონზე, რამდენად სანდოა თქვენი დაკვეთით ჩატარებული კვლევა და რატომ არის შედეგებში ამხელა სხვაობა“.

კახა კალაძის განცხადებით, წლების განმავლობაში ოპოზიციური პარტიების მიერ გამოქვეყნებული საარჩევნო კვლევები და ეგზიტპოლის შედეგები რეალური შედეგისგან ყოველთვის განსხვავდებოდა.

„გამიჭირდება პასუხი გაგცეთ მათ მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლის შედეგებზე. უბრალოდ, თუ გადავხედავთ წლების განმავლობაში ამ პარტიის მიერ გამოქვეყნებულ ეგზიტპოლებს, საარჩევნო კვლევებს, რეალური შედეგი ყოველთვის დგებოდა სხვა. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ და ვივარაუდოთ, რომ ეს არის გაყალბებული, იმის გათვალისწინებით, რომ წლების განმავლობაში, ყოველთვის არჩევნების პროცესში წარმოდგენილი კვლევებისა და ეგზიტპოლის შედეგებისგან განსხვავებული იყო საბოლოო შედეგი, გადაწყვეტილება, რასაც ხალხი იღებდა. ანუ ეს ორივე პარტია წარმოადგენს ერთ დიდ „ნაციონალურ მოძრაობას“. უხეშად რომ არ გამომივიდეს და ყველასთვის გასაგები რომ იყოს, ერთი გამხმარი ხის ორი ტოტია“, – განაცხადა კახა კალაძემ.