კახა კახიშვილი - ვეცდებით, ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი პროვოკაცია დროულად აღვკვეთოთ
დღევანდელი ოპოზიცია მთელს სურათს ხატავს ისე, რომ როგორც ჩანს, მათი საბოლოო მიზანია რევოლუცია, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, კახა კახიშვილმა გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებას სხვა ქვეყნებში არაერთი ფერადი რევოლუცია უნახავს და ფაქტობრივად, საქართველოში ოპოზიციის მხრიდან ყველაფერი იგივე სცენარით მიდის. ხელწერა არ შეცვლილა და ყველაფერი კეთდება ნაბიჯ-ნაბიჯ იმისთვის, რომ ქვეყანაში რევოლუცია მივიღოთ.
როგორც მან აღნიშნა, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები და მათი ხელმძღვანელი პირები განსაკუთრებული დარტყმის ობიექტები არიან. ასევე, ოპოზიცია შესაძლო რევოლუციის ლეგიტიმაციის მიზეზების შექმნას ცდილობს, რომ თითქოს საარჩევნო პროცესში მოქალაქეთა მხრიდან თავისუფალი ნების გამოვლენაზე პრობლემებია.
„ჩვენ ვეცდებით, ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი პროვოკაცია დროულად აღვკვეთოთ“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.
ამასთან, კახა კახიშვილმა ხელისუფლების შეცდომებზეც გაამახვილა ყურადღება და ერთ-ერთ მაგალითად საზოგადოებისგან გუნდის დისტანცირება და არასათანადო კომუნიკაცია აღნიშნა.