ირმა ინაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, 2004-2012 წლების მმართველობის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციას მხარი დაუჭირონ
დეპუტატი ირმა ინაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციას მხარი დაუჭირონ.
აღნიშნულ საკითხზე ირმა ინაშვილმა დღევანდელ პლენარულ სესიაზე ისაუბრა.
„პარლამენტში „საქართველოს პატრიოტების“ რეზოლუციაა შემოსული, რომელიც ითვალისწინებს 2004-2012 წლების სააკაშვილ-ბოკერიების დანაშაულებრივ მმართველობისა და რეჟიმისთვის სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება მიცემას. პარლამენტს წინა წლებში მიღებული აქვთ დადგენილება და ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა დადასტურებული აქვს. სწორედ ამ პარლამენტმა დაადასტურა, რომ 200-ზე მეტი პოლიტპატიმარი გვყავს. ასევე, პარლამენტმა სპეციალური დადგენილებით ქვეყანაში წამების ფაქტები დაადასტურა და ამ დადგენილებაში მკაფიოდ აღნიშნა, რომ წამების ფაქტებს ორგანიზებას მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები უწევდნენ“, – განაცხადა ინაშვილმა.
მისი თქმით, როცა ეს დადგენილებები სახეზეა, რატომ არ უნდა დაისაჯონ დამნაშავეები.
„ახლა მე თქვენ, „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობას გეკითხებით – ეს დადგენილებები სახეზე გვაქვს, თუ პოლიტპატიმრები არსებობდნენ, თუ წამების ფაქტებს ორგანიზებული ხასიათი ჰქონდა და ეს სისტემური დანაშაული იყო, რაც პარლამენტმა დაადასტურა, მაშინ დამნაშავეები რატომ არ უნდა დაისაჯონ და ფიგურანტები რატომ არ უნდა გამოიკვეთონ. თუ თქვენ გინდათ მუდმივ რეჟიმში გვაყურებინოთ თქვენ და ბოკერიები ერთმანეთს როგორ ეჟღურტულებით. ძალიან გთხოვთ, ეს მარაზმი დაასრულეთ“, – მიმართა უმრავლესობას ინაშვილმა.
დეპუტატი საკონსტიტუციო უმრავლესობას მოუწოდებს, „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციას მხარი დაუჭირონ.
„საკონსტიტუციო უმრავლესობას მოვუწოდებ, სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელეთ, ჩვენს რეზოლუციას მხარი დაუჭირეთ. ვიცი, რომ ერთი მზაკვრობა გაქვთ ჩაფიქრებული. გინდათ ეს რეზოლუცია დროში გაწელოთ და მერე საზოგადოებას დაავიწყოთ. როგორც მანამდე გვეუბნებოდით, წარსული დაივიწყეთ, დამნაშავეებს ჩაეხუტეთ, მერე გვითხრათ, რომ ეს რეზოლუცია არავის ახსოვს“, – განაცხადა ინაშვილმა.
დეპუტატის თქმით, ის პარლამენტის თავმჯდომარისგან ამ პროცესში განსაკუთრებულ თანამონაწილეობას და ყურადღებას, ასევე შეხვედრას ითხოვს.
„ამ პლენარული სხდომის ფარგლებში მინდა შეხვედრა გთხოვოთ. შევხვდეთ და ეს საკითხები გავიაროთ, რადგან ისე თათბირს და შეხვედრას თქვენ ვიცე-სპიკერებთან არ მართავთ. ალბათ ბოკერიასთან მართავთ და ჩემთან არა. მოგიწოდებთ, იმ ათასობით ადამიანის განწყობა გაითვალისწინოთ, რომელმაც ხელი ამ რეზოლუციას უკვე მოაწერა“, – მიმართა ირმა ინაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს.
მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებით საქართველოს 200 ათასზე მეტი მოქალაქე პარლამენტისგან ითხოვს „სააკაშვილ-ბოკერიების რეჟიმი შეფასდეს“.
„თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ ეს ქართული სახელმწიფოსთვის ძალიან მძიმე დარტყმა იქნება. მე ქართული სახელმწიფოს და ჩვენი შვილების მომავალი მადარდებს და არა თქვენი პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენ ამ ქვეყანაში ის მარაზმი უნდა დავასრულოთ, როცა მწამებლები მკვლელობის საქმეს იძიებენ“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა სხდომაზე.