ირაკლი კობახიძე - რუსთავში მიმდინარე მოვლენებზე ჩვენს მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ „ნაციონალური მოძრაობა“ შეაშინა
როგორც ჩანს „ნაციონალური მოძრაობა“ შეაშინა ჩვენს მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ რუსთავში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც გაყალბების სისტემური მცდელობა გამოვლინდა, – ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რუსთავში შვიდი პირი ცდილობდა ე.წ. ორმაგი მარკირებით მიეცათ ხმა საარჩევნო უბნებზე, მათ სიას კი, რამდენიმე სახელი და გვარი დაემატა.
„ესენი იყვნენ: მერაბ კოჭლამაზიშვილი, ოთარ თურაშვილი, ეთერი მგელაძე, ირაკლი ჩინჩალაძე, გიორგი გელენჯერიძე, მანანა ჩიტაძე და ქსენია თავგორაშვილი. ამას დაემატა კიდევ რამდენიმე სახელი და გვარი, რომლებიც ცდილობდნენ ორმაგი მარკირებით ხმის მიცემას: „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, ნინო ცერვაძე, დანიელ თუნგია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს მიმართა, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული.
„ეს არ ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს მხოლოდ რუსთავში, მივმართავ მათ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, თქვენი ლიდერები გიბიძგებენ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისკენ. ეს არის დანაშაული, რომელსაც შესაბამისი რეაგირება კანონის მთელი სიმკაცრით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, მმართველი გუნდი აფრთხილებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან.
„ხედავთ, რომ ათზე მეტი შემთხვევაა, რომელიც დაფიქსირდა რუსთავში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან. კიდევ ერთხელ მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს არა მხოლოდ ამ პირთა მიმართ, არამედ მათ მიმართ, რომლებიც დგანან სქემის სათავეში და რეაგირება უნდა იყოს უმკაცრესი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა.
მისი შეფასებით, ეს არის საარჩევნო ხმის მოპარვა, უმძიმესი დანაშაული, რომელსაც უნდა მოჰყვეს მკაცრი რეაგირება.
ამასთან, კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად ინარჩუნებდა ხელისუფლებას გაყალბებით.
„ბუნებრივია, ამ მასშტაბის გაყალბების თავი დღეს მათ არ აქვთ, თუმცა აქვთ მცდელობა საკუთარი რესურსების ფარგლებში, ყველა ზომა მიიღონ, რათა შეეცადონ არჩევნების გაყალბებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.