ირაკლი კობახიძე - ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი უმთავრესი საგარეო პრიორიტეტია და წინ თანმიმდევრულად მივიწევთ
საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ჩვენ ძალიან მკაფიო ხედვა, მიზნები და პრიორიტეტები გვაქვს, რაც შესაბამის დოკუმენტებშია ასახული, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები საპარლამენტო რეზოლუციაშიცაა ასახული და ეს პრიორიტეტი ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაა.
„ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაა. ამ მიმართულებით ჩვენ თანმიმდევრულად მივიწევთ წინ. ნატო-სთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, კონკრეტული ინიციატივები და პროექტები გვაქვს, რომლის ფარგლებშიც ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა წარიმართება და ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ. ეს ჩვენი პრიორიტეტი და ნებაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, აღნიშნული მხოლოდ ხელისუფლების გადაწყვეტილება არ არის, ეს არის უპირველეს ყოვლისა, ხალხის გადაწყვეტილებაა, რომელიც, როგორც სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევით, ასევე არჩევნების შედეგებით დასტურდება.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად ნეგატიური რეაქცია ექნება.