ირაკლი კობახიძე - ჩანაწერში კონკრეტული პირის მხრიდან კონკრეტული მუქარა ამოვიკითხე, როგორც ოქუაშვილის შემთხვევაში, ამ საქმეშიც ყველა კითხვას გაეცემა პასუხი
ზაზა ოქუაშვილის საქმის მსგავსად, ამ საქმეშიც ძალიან კონკრეტული პასუხი გაეცემა ყველა კითხვას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გუშინ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით სერგი კაპანაძის კითხვის პასუხად განაცხადა.
„ევროპული საქართველოდან“ დეპუტატმა, სერგი კაპანაძემ პარლამენტის სპიკერს ჰკითხა, “მოუსმინა თუ არა გუშინდელ ჩანაწერს და აღმოაჩინა თუ არა გარკვეული დარღვევები”.
ირაკლი კობახიძის თქმით, ჩანაწერში კონკრეტული პირისგან მუქარები იკითხებოდა, თუმცა მუქარის არავის ეშინია.
„ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. როგორც ოქუაშვილის საქმეში ყველა კითხვას გაეცა პასუხი, ასევე ამ საქმეშიც ძალიან კონკრეტული პასუხი გაეცემა ყველა კითხვას. რაც შეეხება გუშინდელ ჩანაწერს, კონკრეტული პირის მხრიდან კონკრეტული მუქარა ამოვიკითხე, ისევე როგორც თავის დროზე ამოვიკითხეთ ეს მუქარა ოქუაშვილის მხრიდან. ამ მუქარის არავის ეშინია. ვერც ნიკა გვარამიას მიერ მინიჭებული იმუნიტეტი ვერ დაიცავს ვერავის, როდესაც ის ემქურება ხელისუფლებას, რადგან გვაქვს კონკრეტული პასუხები კითხვაზე და ამ კითხვებს პასუხები აუცილებლად გაეცემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონკრეტული გადაცდომის, დანაშაულის გარეშე ვერც ერთი ფარული ჩანაწერით ვერანაირ კომპრომატი ვერ შეიქმნება.
„რაც შეეხება ზოგად სურათს, გვპირდებოდნენ, რომ ახალ საქართველოში გავიღვიძებდით ამ ჩანაწერის შემდეგ. ეს საქართველო არის ის საქართველო, რაც იყო გუშინ, ის საქართველო, სადაც წარსულში „ნაცმოძრაობა“ აწამებდა, აუპატიურებდა, აყაჩაღებდა ბიზნესმენებს. გავიხსენებ, 10 ათასი კაცი, როცა ჩუქნის სახელმწიფოს ქონებას, იმას ფარული ჩანაწერები არ სჭირდება. ვერანაირი ფარული ჩანაწერები ამ რეალობას ვერ შეცვლიდა. ზუსტად ამიტომ დაემხო თქვენი რეჟიმი და ზუსტად ამიტომ მოხდა სათანადოდ თქვენი რეჟიმის მხილება, რადგან აკეთებდით ცხრა წლის განმავლობაში. ცარიელ ადგილზე, კონკრეტული გადაცდომისა და დანაშაულის გარეშე ვერანაირი ფარული ჩანაწერით ვერანაირ კომპრომატს ვერ შექმნით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის თქმით, პარლამენტს ექნება თავისი როლი და უზრუნველყოფს , რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.