გზის სეზონური ჩაკეტვის გამო, მთა-თუშეთის სოფლებში ხმის მიცემის პროცესი არ მიმდინარეობს
მთა-თუშეთის სოფლებში მუდმივად მცხოვრები პირები და მესაზღვრეები დღეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ იღებენ. ამის მიზეზად ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის სეზონური ჩაკეტვა სახელდება. აღნიშნული გზა ყოველწლიურად ოქტომბერში იკეტება.
როგორც ახმეტის N18 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მინდია იუკურიძემ განაცხადა, მესაზღვრეების საგუშაგომდე ვერტმფრენით მისვლაც ვერ მოხერხდებოდა.
„ოფიციალურად გზა იკეტება 20 ოქტომბერს. აქედან გამომდინარე, ჩვენ შესაძლებლობა არ გვქონდა მთა-თუშეთში მანქანა გაგვეგზავნა. ამის გამო არ ტარდება ხმის მიცემის პროცესი. რაც შეეხება ვერტმფრენს, იქ ისეთი პოსტებია, ვერტმფრენი ვერ მიუდგება. ორ-ორი ადამიანია პოსტებზე განთავსებული, სადაც შესაძლებელია, მხოლოდ ფეხით რამდენიმესაათიანი სიარულის შემდეგ მივიდეთ. აქედან გამომდინარე, ვერტმფრენის მოთხოვნასაც აზრი არ ჰქონდა“, – განაცხადა მან.
ამასთან, იუკურიძის თქმით, თუშეთის 14-ე საარჩევნო უბანი გახსნილია ქვემო ალვანში, სადაც 265 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ექვსი წლის ვადით ირჩევს.