გიორგი მარგველაშვილი - გვერდზე ვდგები ამ პროცესიდან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი არა ჩემი, არამედ საზოგადოების მიერ შერჩეული იქნება
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი არა ჩემს, არამედ საზოგადოების მიერ იქნება წარდგენილი, შესაბამისად, ამ ვითარებაში, პოლიტიკური არგუმენტის გათამაშება სრული უაზრობაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ მის მიერ წარდგენილ კანდიდატურას შესაძლოა, საკანონმდებლო ორგანომ მხარი არ დაუჭიროს.
პრეზიდენტის თქმით, კანდიდატი საქართველოს იურიდიული საზოგადოების მიერ შეირჩევა და ეს საკითხი მასთან პოლიტიკურ კინკლაობაში ვერ გადაიზრდება.
„მე არ ვარ ამ შემთხვევაში არარეალისტური, როდესაც რამდენიმე საკითხზე ვუსვამ ხაზს. პირველი – მიმაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მომავალ თავმჯდომარეს წარვადგენ არა უბრალოდ მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, არამედ ამ პროცესში ჩავრთავ მთელ საზოგადოებას. შესაბამისად, პოლიტიკური არგუმენტის გათამაშება ამ ვითარებაში ელემენტარული უაზრობა იქნება, რადგან ეს არა ჩემი პოლიტიკური კანდიდატი, არამედ ქართული საზოგადოების, სპეციფიურად, ქართული იურიდიული საზოგადოების მიერ შერჩეული კანდიდატი იქნება. ასე რომ, თუ დაპირისპირება იქნა, ჩემთან პოლიტიკურ კინკლაობაში ვერ გადავა, ეს იქნება პასუხი საზოგადოების მიმართ, პასუხი, რომლის რეალური შინაარსი შემდეგია – არა, ჩვენ, პარტიას გვინდა ვაკონტროლოთ სასამართლო. სხვანაირი პასუხი აქ არ გამოვა, რადგან ეს არა ჩემი წარდგენილი, არამედ ეს იქნება საზოგადოების მიერ წარდგენილი კანდიდატი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების რყევა ყველასთვის ერთნაირად საშიშია. ამიტომ მარგველაშვილის თქმით, ის პროცესებიდან გვერდით დგება.
„მეორე – ხაზს ვუსვამ იმას, რომ პოლიტიკური კუთვნილების და სიმპატიების მიუხედავად, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, ყველა პარტიის წარმომადგენლები. მე არ ვამბობ, რომ რომელიმე პარტიამ უნდა გაიმარჯვოს, ვამბობ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მუდმივი რყევა ერთნაირად საშიში არის ყველასთვის, ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანისთვის. სახელმწიფო ინსტიტუტების რყევა და ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების ჩამოშლა, ამ მიმართულებით გაურკვევლობა საბოლოოდ საშიშროებას უქმნის ყველა მოქალაქეს. მინდა, რომ ეს იქნას გააზრებული და გააზრების პროცესში ხელი რომ არავის შევუშალო, არ გავაღიზიანო პოლიტიკურად, ამიტომაც გვერდზე ვდგები ამ პროცესიდან“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში რამეზე უნდა შედგეს თანხმობა, საკითხზე, რომელშიც თავის პოლიტიკურ შინაარსს არ შეიტანს.
„თუ ჩვენ ძირითადზე არ შევთანხმდით, თუ არ შევთანხმდით იმაზე, რომ გვჭირდება სახელმწიფო, გვჭირდება სასამართლო, აღმასრულებელი ხელისუფლება, პარლამენტი, ნელ-ნელა ჩამოვშლით იმას, რაც არის ჩვენი ნორმალური არსებობის გარანტი. ასე რომ, ყოველგვარი პოლიტიკური შინაარსის მიუხედავად, მოვუწოდებ ყველას, გაიაზროს, ჩვენ ვეთამაშებით სახელმწიფოს, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შესარჩევად ორშაბათიდან კონსულტაციებს იწყებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დღეს დატოვა.